18 მაისს გერმანიის პოლიციამ მიუნხენის აეროპორტში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის კლიმატის 8 აქტივისტი დააკავა, რასაც აეროპორტის დროებითი დახურვა და 60-მდე ფრენის გაუქმება მოჰყვა - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც პოლიციის სპიკერმა ბრიტანულ მედიას განუცხადა, 6-მა აქტივისტმა თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე წებო დაასხეს და თავი მიაწებეს. მისივე ინფორმაციით, აეროპორტის ორივე ასაფრენი ბილიკი ამ დროისთვის ღიაა და თვითმფრინავებს იღებს.
პროტესტზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია Last Generation-მა აიღო, რომელსაც მსგავსი ტიპის დემონსტრაციები აქამდეც ჩაუტარებია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით დილის 4:45 საათზე პროტესტი მიზანი თვითმფრინავების შეფერხება იყო, რითაც ისინი ბერლინის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, რომელიც, მათი ინფორმაციით, ავიაკომპანიებს რკინიგზის ხარჯზე ასუბსიდირებს.
“პრობლემა მთავრობაშია და არა ჩვენს არდადეგებში” - იყო კამპანიის მთავარი სათქმელი.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფაიზერი აცხადებს, რომ აეროპორტებში უსაფრთხოების ნორმები გადაიხედება. მისივე თქმით, მსგავსი “კრიმინალური ქმედება” მხოლოდ ვნებს გარემოსდაცვით მიზნებს, რადგან ის ხალხში მხოლოდ ბრაზსა და ზიზღს იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ, ამჟამინდელი კანონით, აქტივისტების დანაშაული წვრილმან ხულიგნობად კლასიფიცირდება, გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი, ვოლკერ ვისინგი აცხადებს, რომ ახალი კანონით მსგავსი საქციელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.
აეროპორტში აცხადებენ, რომ შეფერხების გამო ფუნქციონირება 2 საათით შეწყდა, რის გამოც სხვა აეროპორტში გადამისამართდა 11 რეისი, 60 კი - გაუქმდა. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქცია გერმანიის აეროპორტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ პერიოდს დაემთხვა.