მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიას აკრძალავს

პოლონეთი

პოლონეთის მთავრობა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების სრულად აკრძალვას გეგმავს.

განათლების მინისტრის, ბარბარა ნოვაცკას განცხადებით, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს, შეამციროს ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება და ინტელექტუალური განვითარების შესუსტება.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაციაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ სოციალური პლატფორმების მფლობელ ტექ-კომპანიებს აკისრებს. კანონპროექტის თანახმად, კანონდამრღვევ კორპორაციებს სოლიდური ფინანსური ჯარიმები დაუწესდებათ, რაც უმოქმედობის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Meta და ილონ მასკის xAI, რომელიც პლატფორმა X-ს, იგივე Twitter-ს ფლობს, მსგავსი ტიპის მკაცრ სახელმწიფო შეზღუდვებს აქტიურად ეწინააღმდეგებიან. თუმცა, მათი პოზიცია პოლონეთში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნებისთვის ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისაგნ დაცვის მიზნით, პოლონურის მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები უკვე გაჟღერდა ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში და დანიაში. ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი უკვე ამოქმედდა. ამ მხრივ, ყველაზე გამორჩეული მაგალითებია ავსტრალია და პორტუგალია.

სექტორის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასაკობრივი ბარიერების დაწესება კორპორაციებს ასეულობით მილიონი დოლარის ფინანსურ ზარალს მოუტანს. არამარტო იმიტომ, რომ მათ რთული სავერიფიკაციო ალგორითმების შემუშავება მოუწევთ ან იმიტომ, რომ დარღვევების შემთხვევაში მათ კოლოსალური ჯარიმები დაუწესდებათ, არამედ იმიტომაც, რომ ისინი დაკარგავენ მილიონობით მომხმარებელს, რომელთა აქტიურობაც რეკლამის გაყიდვისა და შემოსავლების მიღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები