პოლონეთი 2024 წლიდან მინიმალური ხელფასის მორიგ ზრდას გეგმავს. ამის შესახებ სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მარლენა მალაგმა განაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი თქმით, მთავრობის გეგმის მიზანია, მოსახლეობას მაღალ ინფლაციასთან გამკლავებაში დაეხმარონ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე პოლონეთში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თებერვალში ინფლაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რამაც 18.4% შეადგინა. აპრილში კი ინფლაციამ იკლო და 14.7%-ზე ჩამოვიდა.
„მომავალი წლისთვის მინიმალური ხელფასი 4200 ზლოტი ($1015) იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მომავალ წელსაც, როგორც ეს მიმდინარე წელს ხდება, მინიმალური ხელფასის ზრდა ორ ეტაპად მოხდება - 1 იანვრიდან და 1 ივლისიდან.
ცნობისთვის, მინიმალური ხელფასი პოლონეთში 2023 წლის იანვრიდან 3 490 ზლოტამდე გაიზარდა, 1 ივლისიდან კი 3 600 ზლოტამდე გაიზრდება.