ევროპა კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შეზღუდვების გახანგრძლივებას განიხილავს, მათ შორის არის პოლონეთი და ბულგარეთი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა არ გახსნას ღამის კლუბები, კაზინოები, რესტორნები და სპორტული დარბაზები მინიმუმ 31 იანვრამდე. თავდაპირველად მთავრობა აღნიშნული დაწესებულების გახსნას 21 დეკემბერს გეგმავდა.
აკრძალვები ასევე შეეხება სავაჭრო ცენტრებს და საკონფერენციო დარბაზებს, გამონაკლისი იქნება ბანკები, აფთიაქები, სურსათის მაღაზიები და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, რომელებიც აღნიშნულ პერიოდში ოპერირებას გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან გაიხსნება კინო-თეატრები 30%-იანი დატვირთვით. ხოლო 4 იანვრიდან საბავშვო ბაღებში და დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი განახლდება.
რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყანაში ლოქდაუნი 28 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით გამოცხადდება, დაიხურება სავაჭრო ცენტრები და სათხილამურო ტრასები. ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ახალი წლის ღამეს და მომდევნო დღეებში. თავშეყრა დაშვებულია მაქსიმუმ ხუთი ადამიანისთვის, პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვით.




























