პოლონეთი და უკრაინა რუსეთის ატომური ენერგიის სექტორის სანქცირებას ითხოვენ იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს აგრძელებს.
ამ დრომდე ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ათ რაუნდად აქვს მიღებული, თუმცა რუსეთის ატომური ენერგეტიკის სექტორი არცერთ მათგანში არ მოხვდა, რადგან ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან.
პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დონეზე რუსეთთან ატომური ენერგიის ნაწილში თანამშრომლობა უნდა დასრულდეს. “სანქციების შემდეგ პაკეტში ბირთვული ენერგია უნდა მოხვდეს. ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა მივიღოთ როგორი რთულიც არ უნდა იყოს”,-აცხადებს ის. ამ დროისთვის რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აქვს ოკუპირებული.
სანქციების ჯერჯერობით ბოლო პაკეტი ევროკავშირმა ომის წლისთავზე მიიღო. მე-10 პაკეტი მოიცავს ახალ სიებს, რასაც ემატება სავაჭრო და ფინანსური სანქციები, მათ შორის 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის აკრძალვის ჩათვლით, რაც რუსეთის ეკონომიკას უმნიშვნელოვანეს ტექნიკურ და სამრეწველო საქონელს აკარგვინებს. ის ასევე აძლიერებს სანქციების აღსრულების და გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომებს, მათ შორის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალ ვალდებულებას.