ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის სამ ქალაქში: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი - საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
"კამპანიის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქებში პრეზენტაციები და ე.წ. როუდშოუები მიმდინარეობს. ღონისძიებების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია B2B ფორმატის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს პოლონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. კამპანიის მიზანია პოლონეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
BM.GE დაინტერესდა, როგორია პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების სტატისტიკა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში პოლონეთის 33 658 მოქალაქე შემოვიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 27 615 შეადგინა - ზრდა 21.8%-ია.
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოში პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობამ 88 300 შეადგინა, რის შემდეგაც, პანდემიის გამო, მკვეთრად დაეცა. ტურისტული ნაკადები 2021 წლის მესამე კვარტალიდან აღდგა.
2024 წელს კი პოლონეთიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 66 500-ს აღემატებოდა.
ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთი ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის მიმართულებით, 31 ქვეყანაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანია გასულ ზაფხულს დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული არ არის, რა თანხების დაიხარჯება მარკეტინგულ აქტივობებზე თითოეული ქვეყნის მიმართულებით.
ამასთან, 2025 წლის მარკეტინგული აქტივობებისა და ხარჯების შესახებ BM.GE-მ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კითხვებით ჯერ კიდევ მაისში მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.




























