საპროგნოზო ბაზრების დეცენტრალიზებული პლატფორმა Polymarket-ი დამატებით $400 მილიონის მოზიდვასა და საკუთარი კაპიტალიზაციის $15 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს.
CNBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეში განხორციელებულ $600-მილიონიან საინვესტიციო რაუნდს მოჰყვა, რამაც კომპანიის ღირებულება რამდენჯერმე გაზარდა.
კომპანიის სწრაფი აღმავლობა საპროგნოზო ბაზრების სექტორში ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდამ განაპირობა, რასაც პროტოკოლებში განთავსებული კაპიტალის 300%-იანი მატება მოწმობს. აღსანიშნავია, რომ წინა საინვესტიციო რაუნდში Intercontinental Exchange მონაწილეობდა, რომელიც New York Stock Exchange-ის მფლობელია.
ფინანსური ტექნოლოგიების ექსპერტები $15-მილიარდიან შეფასებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, სადაც მთავარი როლი პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ და გარკვეულ იურისდიქციებში რეგულაციების დაზუსტებამ ითამაშა.
მოგეხსენებათ, Polymarket-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს, რაც ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და ინფორმაციის უცვლელობას უზრუნველყოფს. ამჟამად პლატფორმა სცილდება ვიწრო ნიშას და აქტიურად ვითარდება დაზღვევის, რისკების ჰეჯირებისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
ცნობისთვის, Polymarket-ი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ბირჟას, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა მოვლენის შედეგებზე კრიპტოვალუტით ფსონებს დებენ.




























