„პონგინო ვაინი“ წელს საექსპორტო მიმართულებით აქტიურდება. ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა, გულნარა რომანაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
„პონგინო ვაინ“ საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობაში პრემიუმ კლასის ადგილწარმოშობის ღვინო - ხაშმის საფერავი, ქისი, მუსკატი და რქაწითელი იწარმოება.
როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი აცხადებს, მეღვინე ქალების ასოციაციის წევრია, რომლებიც მეღვინე ქალებს საექსპორტო აქტივობებში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
მისივე თქმით, მათ ღვინოებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან. ადგილობრივ ბაზარზე, 15-მდე ღვინის მაღაზიაში არიან წარმოდგენილი. ხოლო პირველი ექსპორტი პოლონეთში განახორციელეს, რომლის განმაპირობებელია ერთი წლის წინ პოლონეთში გამართული გამოფენა. წელს კი, აპრილისთვის ლონდონში გეგმავენ საექსპორტო აქტივობების განხორციელებას.
„ადგილობრივ ბაზარზე 15-მდე ღვინის მაღაზიაში ვართ წარმოდგენილი და ღვინის საშუალო ღირებულება მარკეტებში 50 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ექსპორტს, პოლონეთის ბაზარზე გამართულ გამოფენაზე დაინტერესებული პირები ჩვენთან ჩამოვიდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს მათ ბაზარზე პროდუქციის გატანა. ამ ეტაპზე, ლონდონის ბაზრისთვის ვემზადებით. ჩვენ, მეღვინე ქალების ასოციაციის წევრები ვართ, რომლებიც გამოფენებს გვიმართავენ. შესაბამისად, ლონდონში საელჩო დაგვეხმარა გამოფენის გამართვაში და აპრილისთვის ვფიქრობთ, რომ ჩვენი ღვინო ლონდონის ბაზარზე გავა.
მეღვინეობაში მცირე წარმოება გვაქვს. წელიწადში, 5 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ. შესაბამისად, ლონდონში ამ ეტაპზე 400 ბოთლი ღვინო უნდა გაიგზავნოს.
გარდა ლონდონისა, ოქტომბრის ბოლოს, მილანში ჩვენთვის გამოფენა იმართება, ხოლო ნოემბრისთვის ამერიკის ბაზარზე გასასვლელად ვემზადებით. ეს იქნება 5 წლიანი პროექტი და წელიწადში ორჯერ ვიქნებით იქ,“- აცხადებს რომანაძე.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე წარმოების გაფართოება არ იგეგმება, რადგან წარმოების ხარისხი შეინარჩუნონ. თუმცა, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, წარმოების გაფართოებასაც სამომავლო პერსპექტივაში არ გამორიცხავენ.
მეღვინეობაში ამ დროისათვის ოჯახის წევრები არიან დასაქმებული, თუმცა სეზონზე 8 ადამიანამდე ასაქმებენ.
აღსანიშნავია, რომ მეურნეობა გარდა ღვინისა, ხილისა და ციტრუსის მურაბებსაც აწარმოებს, რომელიც შპს „გუროს“ ბრენდის ქვეშ ონლაინ იყიდება.
როგორც რომანაძე აცხადებს, მათ მიერ წარმოებულ მურაბებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მურაბების რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაფართოება იგეგმება.