"პოპულიზმი კარგად იყიდება" - ასე აფასებს ექიმი ვახტანგ კალოიანი სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმის გაფართოებას.
რეგულაციის მიხედვით, პირველი იანვრიდან დარიცხული ხელფასი უმცროსი ექიმისთვის თვეში არანაკლებ 950 ლარი უნდა იყოს, ექთნის თანაშემწის ანაზღაურება არანაკლებ 572 ლარი, ბებიაქალის 844 ლარი, ხოლო სანიტრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 576 ლარი უნდა იყოს.
როგორც ვახტანგ კალოიანმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ექთნების დეფიციტის პრობლემას მსგავსი რეგულაციები ვერ მოაგვარებს და სამედიცინო სფეროში სისტემური ცვლილებებია საჭირო.
"ეს კვალიფიციური კადრების, ექთნების ქვეყნიდან გადინებას ვერ შეაჩერებს და მათ დეფიციტს კლინიკებში ვერ შეავსებს. თუ გავიხსენებთ რამდენიმე თვის წინ ექიმებთან მიმართებით ამოქმედებულ ცვლილებებს [მინიმალური ხელფასის დაწესება], ამან ექიმებისთვის ხელფასის, შემოსავლის შემცირება გამოიწვია, რადგან მათ აეკრძალათ მეორე სამსახურში მუშაობა და ეს შემოსავალი იმაზე ბევრად ნაკლები გახდა, ვიდრე ისინი ელოდნენ. შესაბამისად, ამ ცვლილებას უფრო კოსმეტიკური ეფექტი ექნება და ის დაუფასებელი ექთნები, რომლებზეც გადადის ძალიან დიდი დატვირთვა კლინიკებში, რეალურად ისევ უკმაყოფილო, აუნაზღაურებელი დარჩება.
ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, ყველაფერი მან და მისმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტოს. მათ არ ყოფნით ვაჟკაცობა , რომ ტვირთი და პასუხისმგებლობა გადაიტანონ კლინიკასა და მოქალაქეებზე და თვითონ რეგულატორები იყვნენ და არა დირექტორები. სამწუხაროდ, დირექტორობა მოდაშია და ითვლება, რომ ვიღაც ჩინოვნიკმა უკეთ იცის, ვიდრე მოქალაქემ ან ბიზნესმა. პრინციპული გარდატეხა უნდა მოხდეს და ხელისუფლებას უფრო ცოტა ფული უნდა ჰქონდეს დასახარჯი. სამინისტრო დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ უსაფრთხო სისტემა შექმნას და სტიმულაცია გაუწიოს კონკურენციას", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ექიმები და ექთნები ქვეყნიდან გადიან და უცხოეთში საქმდებიან. მისი თმით, მიზეზი დაბალი ხელფასები და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა.
"ადამიანები, რომლებსაც ოდნავ მაინც საშუალება აქვთ, წავიდნენ უცხოეთში, მიდიან და ტოვებენ ქვეყანას. განსაკუთრებით, ახალგაზრდა ექიმები, რეზიდენტებიც. სამწუხაროდ, ეს არ არის წასვლა განათლების მისაღებად. ეს არის დიდი ხნით წასვლა, ისინი იქ იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, ჩვენ დიდ ინტელექტუალურ ფენას, ექთნებსა და ექიმებს ვკარგავთ, ამას ერთი მხრივ, სჭირდება სისტემური ცვლილება და ეკონომიკური ოპტიმიზმის დაბრუნება და ამასთან, კონკურენციის მაქსიმალური სტიმულირება", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 23 908 ათასი ექიმი იყო რეგისტრირებული, ექთნების რაოდენობამ კი 22 391 შეადგინა. რაც შეეხება სტატისტიკას წლების მიხედვით. 2021 წელს ექიმების რაოდენობა 22 495 იყო, 2020 წელს - 21 467, 2019 წელს - 31 746; რაც შეეხება ექთნებს. 2021 წელს - 22 078, 2020 წელს - 22 175, 2019 წელს - 19 613.