მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტების და ტერმინალების ტვირთბრუნვა III კვარტალში შემცირდა - რა ტიპის ტვირთები გადამუშავდა ყველაზე მეტად?

საქართველოს ნავსადგურები

საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა III კვარტალში 3 მილიონ 548 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების III კვარტალის მონაცემების მიხედვით, გადამუშავებული ტვირთის 43.6% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5% - თხევადი ტვირთი, 26.9% - ნაყარი ტვირთი.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4191 გემი შემოვიდა, რომელთა 32.9% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.9% - კონტეინერმზიდი, 28.4% - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.

ამგვარად, III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი, 23.8%-ით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

ამ პერიოდში ქვეყნის ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16% - ლიბერიის, 15% - პანამის, 7.6% - მალტის, 6% - ვანუატუს, 4.3% - ბარბადოსის, 4.1% - ბულგარეთის, ხოლო 30.5% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

აღსანიშნია, რომ სტატისტიკაში საზღვაო გზით მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელიცაა მოცემული, რომლის მიხედვით, III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 3.1-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი მცირედით აღემატება შემოსული მგზავრების წილს და 50.8%-ს შეადგენს.

ჯამში გადამუშავებული ტვირთის ნაწილში კლებაა, თუმცა გენერალური ტვირთების ნაწილში მესამე კვარტალში 24,7%-ით მეტი ტვირთია გადამუშავებული. 6%-იანი კლებაა წლიურად თხევადი ტვირთების, ხოლო 21,3%-იანი ვარდნაა ნაყარი ტვირთების მიმართულებით.

ჯამში წლის პირველ სამ კვარტალში საზღვაო ნავსადგურებისა ტერმინალების მიერ 10 ათას 570 ტონაზე მეტი ტვირთია გადამუშავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები