2023 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 11.9%-ით შემცირდა. ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, რომელზეც ღვინის რეალიზების 65.3% მოდიოდა. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებზე ქართული ღვინის ექსპორტის მხოლოდ 11.9% მოდიოდა. რატომ შემცირდა და ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი და რატომ ვერ ითვისებს კერძო სექტორი ევროპულ ბაზარს? "საქმის კურსის" ეთერში,"რტონისა" და "მელიტონის" დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ აღნიშნა, რომ ქართულ ღვინოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფრო იცნობენ, ვიდრე ევროკავშირში.
"ექსპორტი საერთო პოლიტიკური და გეოგრაფიული მოვლენების შესაბამისად შემცირდა. რაც შეეხება ევროკავშირსა და რუსეთს. ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფრო იცნობენ ქართულ ღვინოს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. დრო გვჭირდება, რომ ქართული ღვინის ცნობადობა ევროკავშირის ქვეყნებში გავზარდოთ. საჭიროა, უფრო მეტი ვიმუშაოთ EU-ს ბაზარზე", - განაცხადა გიორგი სხირტლაძემ.
კითხვაზე, წლების განმავლობაში რატომ ვერ შეძლო საქართველომ ღვინის გაცნობა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მან აღნიშნა, რომ სექტორი ჯერ ახალია.
"რატომ ვერ გავაცანით? მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ღვინის ქვეყანა ვართ, კულტურულად ახლები ვართ. 10-15-20 წლის წინ რამდენიმე კომპანია იყო, რომელიც ღვინოს აწარმოებდა, არ ხდებოდა ცნობადობის ამაღლება, არ იყვნენ მეღვინეები და დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ მხრივ იმუშავებდნენ. ჩვენ ახლები ვართ ევროპის ბაზარზე, თანამედროვე მეღვინეობაში ახლები ვართ", - აღნიშნა მან.