უმსხვილესი იურიდიული კომპანიები პარლამენტს ვეტოს არ დაძლევისკენ მოუწოდებენ.
როგორც იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ქეთი ქვარცხავა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, ქვეყანა გზაგასაყარზე დგას, სადაც პარლამენტმა ვეტო არ უნდა დაძლიოს და უკვე დაზიანებული რეპუტაციის აღდგენაზე უნდა იმუშაოს.
მისივე ცნობით, თავად კანონპროექტის ჩამოყალიბების პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათ შორის არც ის საზოგადოება იყო ჩართული, რომელსაც ეს კანონი პირდაპირ ეხება.
მისივე განმარტებით, ამ კანონს გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო პირველი ამომავალი მიზანი, ამ მიზნის მიღწევას კანონის მიღება და რყევების გამოწვევა არ სჭირდებოდა. ქვარცხავას თქმით, ასეთ შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა უბრალოდ არსებულ კანონმდებლობაში ძალიან მცირე კორექტირებების შეტანა.
„პრაქტიკულად გზაგასაყარზე ვდგავართ, სადაც მიგვაჩნია, რომ ვეტო არ უნდა დაიძლიოს, რათა უკვე დაზიანებული ქვეყნის რეპუტაცია გამოვასწოროთ. ამიტომ მგონია, რომ პარლამენტს არჩევანი არ აქვს.
ჩვენ გვქონდა ჩვენს განცხადებაში იმის შესახებ საუბარი, რომ ამ კანონპროექტის ჩამოყალიბების პროცესი ფაქტობრივად გაუმჭვირვალე იყო. არ იყო ჩართული ის საზოგადოება, რომელსაც ეს კანონი შეიძლებოდა შეხებოდა. შემდეგ უკვე ვიცით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პრეცედენტი, როდესაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცესის უპატივცემულობით გამართული სხდომა, 76 წამში გადაწყვეტილი საკითხი. მსგავსი რამ მე არ მახსენდება არცერთ გარემოებაში. ადმინისტრაციული ორგანოც რომ იყოს და სრულიად ყოფით საკითხს გადაწყვეტდეს და მსგავსი პროცესი ჩაატაროს, ეს პროცესი კანონმდებლობით ითვლება არალეგიტიმურად. ეს პროცესი იმგვარია, რომ შეგიძლია გაასაჩივრო და გააუქმო. ამ შემთხვევაში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში უშვებენ ასეთ პრეცედენტს, რა დემოკრატიის მაგალითს ვუჩვენებთ საზოგადოებას. კანონის მიღებას თავისი ფორმა აქვს. კანონს სჭირდება დასაბუთება, თუ რატომ არის ეს კანონი საჭირო. ჩვენ არაერთი არგუმენტი მივიღეთ, რომ ეს კანონი ემსახურება გამჭვირვალობას.
კანონი ეხება პრაქტიკულად ყველას. ეს იქნება NGO-ები თუ მათი ბენეფიციარები. ეს იქნება საიდუმლოების შემცველი თუ არასაიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა, რომელსაც ლიმიტი არ აქვს“,- აცხადებს თავმჯდომარე.
იურიდიული ფირმების ასოციაციის ბორდის წევრი, ზვიად კორძაძე ეთერში აცხადებს, რომ თავად კანონი თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია და თვითონ კანონის დანიშნულებაა ადამიანების სტიგმატიზაცია მოახდინოს.
მისი თქმით, კანონი მხოლოდ არსებულ NGO-ებს კი არა შეეხება, არამედ ადამიანები მოერიდებიან სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას, სახელის დარქმევას და ა.შ. შედეგად, ეს არის ძალიან სახიფათო გზა.
„ბორდის წევრებს შორისაც არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება. ეს იმდენად ცალსახაა, რადგან აქ თავად კანონის არსია ანტიკონსტიტუციური და თვითონ კანონის დანიშნულებაა ადამიანების სტიგმატიზაცია მოახდინოს და ვიღაცას უცხოეთის გავლების მყოფი პირი დავუძახოთ.
ჩემთვის გაუგებარია ეს, რადგან ყველა კანონი ფარავს ამ გამჭვირვალობას. 30000 ლარზე მეტი ტრანზაქცია ეროვნული ბანკის კონტროლს გადის. საშემოსავლო გადასახადს იხდიან გრანტის მიმღები პირები. შესაბამისად ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ხვალ ვიღაცამ ვიღაცას წინა საარჩევნოდ რაღაც დაუძახოს.
კანონი არანაირ სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას არ ახდენს. ის კანონის ჩარჩოებს ცდება, ამიტომ არც არავინ პასუხობს მიმღებთა მხრიდან რაღაც იურიდიული არგუმენტებით. რა არგუმენტით უნდა უპასუხო, რომ ადამიანი, რომელიც გრანტს იღებს იმისათვის, რომ ცხოველებს დაეხმაროს და მცენარეების კონკრეტული სახეობები გამოიყვანოს ან თუნდაც ჩვენ, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვაზე იურისტებისთვის ტრენინგი ჩავატარეთ, ამისთვის უცხოეთის გავლენის მქონე პირი უნდა დაგიძახოს.
მოსახდენი უკვე მოხდა. ეს არის ზღვრის გავლება, პოლიტიკური თამაში და გაცხადება, რომ ევროპული მიმართულება ეჭვქვეშ დადგა. თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, რადგან კონსტიტუციაში წერია. კონსტიტუციაში ეს რომ არ იყოს, მაშინ ეს არჩევანი, რომ საით გავიხედოთ, იქნებოდა ლეგიტიმური. ახლა, ყველაზე სწორი იქნება, რომ გამოვიდნენ და ხალხის წინაშე თქვან, რომ ჩვენ გვგონია, რომ კურსი უკეთესი იქნება ჩინეთისკენ და აზიისკენ და ადამიანებს არჩევანის საშუალება მისცენ. თან იმის ძახილი, რომ ევროპაში გვინდაო და თან ევროპიდან ყველა გეძახდეს, ეგრე ვერ შემოხვალო, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - განაცხადა ბორდის წევრმა.
კორძაძე ამბობს, რომ როცა კანონი მიღებული იქნება, 1, 2 მუხლის შეცვლას, რომელიც რაღაცებს გაამკაცრებს, არაფერი არ უნდა.