5 ივლისიდან სისტემა სრულად იქნება მზად და შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია - განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა უკვე საქართველოშია.
„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მე მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე როგორც პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ უმაღლესი პასუხისმგებლობის ხარისხი და დონე. ახლა ვაქცინაციის პროცესში გადამწყვეტი არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.
ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, გარშემომყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც ჩვენს გარშემო დგას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ: დღეს საქართველოში მილიონი დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შემოვიდა. მთავრობა გეგმავს, რომ 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.




























