პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვის.
კითხვაზე - გაიხსნება თუ არა მოლაპარაკებების ოქტომბერში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია.
„მაგას მე ვერ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მე მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე“,- თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება საკითხს, ეტყვის თუ არა უარს ევროკავშირი საქართველოს მთავრობას, კობახიძე ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ მიიღება და არასწორი იქნება, თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
„ეს ხომ არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ქართველი ხალხის მიმართ. ასე იყო კანდიდატის სტატუსი. ანუ კანდიდატის სტატუსი ხომ ქართველ ხალხს მიანიჭეს. მე დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე. თუ სხვანაირად მოხდა, გამოდის რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება. ზოგადად ხედავთ ხომ რა ვითარებაა, არის სერიოზული უსამართლობა. მაგალითად მოლდოვა, დსთ-ს წევრი ქვეყანა, ნული პოლიტიკური და მედია პლურალიზმი, სერიოზული პრობლემები დემოკრატიის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში, ასეთ დროს მოლდოვას აქვს მოლაპარაკებების გახსნილ, ჩვენ - არა. ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი მიზეზი და ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები. როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ და გაიხსნება მოლაპარაკებები“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი შეჩერებულია, რამდენადაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით: "ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკანსვლაა ცხრა ნაბიჯისგან და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან".