საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" დაპირებები წარადგინა, რაც არაერთ განცხადებას მოიცავდა საქართველოს ეკონომიკის, ბიუჯეტის, თუ პენსიის მოცულობებთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების და დასრულების, განათლების ბიუჯეტის და სხვა პარამეტრების შესახებ ინფორმაციას. პარლამენტის ფრაქცია ევროოპტიმისტების წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის დაპირებების რეალისტურობის და "ქართული ოცნების" მიღწევების სისწორის შესახებ მოამზადა შეფასება, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში რიცხვებით მანიპულირება მოახდინა, ხოლო არაერთი ისეთი დაპირება გაიმეორა, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობას წარსულშიც ჰქონდა გაკეთებული და რომლებიც ამ დრომდე უკვე შესრულებულიც უნდა ყოფილიყო.
მაგალითად, დაპირება რომ 2020 წლისთვის საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ექნებოდა. ასევე რომან გოცირიძემ ხაზი გაუსვა ისეთ დაპირებებსაც, რომელთა არსებობაც მმართველმა პარტიამ დაივიწყა და მათ აღარ გასცემს, მაგალითად მამუკა ბახტაძის პრემიერობისას გაცხადებული მიზანი, რომ განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯებოდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია და მხოლოდ 2.9%-ს შეადგენს, ამ დაპირებას "ქართული ოცნების" მთავრობა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ საერთოდ აღარ გასცემს.
ირაკლი კობახიძის განცხადების და დაპირებების ფაქტ-ჩეკი რომან გოცირიძისგან:
1) ირაკლი კობახიძე - „ჩვენ საკმაოდ რთული ვითარება დაგვხვდა 2012 წელს. იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო. ჩვენ მოვახერხეთ და 2020 წლისთვის ეკონომიკა გავზარდეთ დაახლოებით 50 მილიარდ ლარამდე. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და წლის ბოლოსთვის ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება“
პასუხი: ეს არის რიცხვებით მანიპულირება და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იგი საუბრობს ნომინალურ მშპ-ზე და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას - ინფლაციას. სინამდვილეში 2012 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 36.2 მილიარდი ლარი, ხოლო 2020 წელს კი 46.6 მილიარდი ლარი. ანუ 2020 წელს 2012 წელთან შედარებით ეკონომიკა გაიზარდა 10.4 მილიარდი ლარით. რაც შეეხება ბოლო 4 წელიწადს, ეკონომიკა იზრდება 19.9 მილიარდი ლარით და მიაღწევს 66.5 მილიარდ ლარს.
2020 წელს პანდემიის კრიზისის დროს ეკონომიკა გაიზარდა, თუმცა ,,ნამდვილი“ ანუ რეალური მშპ შემცირდა 6.8 პროცენტით. კობახიძეს რომ ვკითხოთ, პანდემიის დროს ეკონომიკა გაიზარდა თუ შემცირდაო, რა თქმა უნდა, გვიპასუხებს, გაიზარდაო.
განმარტება: მიმდინარე წლის 12 თებერვალს საქსტატმა ახალი, გადაანგარიშებული მშპ-ს მაჩვენებლები გამოაქვეყნა. რეალური მშპ გაანგარიშებულია 2019 წლის ფასებით, ნაცვლად 2015 წლის ფასებისა. მოცემულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინა რეალური მშპ-ს სიდიდეზე. კერძოდ, თუ ძველი მეთოდოლოგიით რეალური მშპ 2023 წელს შეადგენდა 48 მლრდ ლარს, ახალი მეთოდოლოგიით გახდა 61.5 მლრდ. ლარი (სხვაობა შეადგენს 28%-ს).
წინა მეთოდოლოგიით 2022 წელს რეალური მშპ იყო 45 მლრდ. ლარი, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით გახდა 57.2 მლრდ ლარი (სხვაობა არის 27%).
ახალი შეფასებით შეიცვალა ნომინალური მშპ-ც და შესაბამისად ერთ სულ მოსახლეზეც.
ასეთი კორექტირება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, თუმცა 13 მილიარდი ლარის ოდენობის სხვაობა არ უნდა გამოვაყენებინოთ ხელისუფლებას დემაგოგიური ინტერპრეტაციისთვის.
2) ირაკლი კობახიძე - „ჩვენი პროგნოზის მიხედვით და არსებული გეგმების შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის“.
პასუხი: რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტში მათივე (მთავრობის) პროგნოზით 2028 წლისათვის ეკონომიკა იზრდება 123 მილიარდ ლარამდე და არა 130 მილიარდამდე. აქაც მოიტყუა 7 მილიარდი ლარით.
3) ირაკლი კობახიძე - ,,8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს. როგორც ხედავთ, აქაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა. ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გავზარდეთ ბიუჯეტი - 2024 წლისთვის უკვე თითქმის 28 მლრდ ლარამდე. აქაც, გამომდინარე ეკონომიკური ზრდის პროგნოზიდან, გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა, 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი“
პასუხი: ესეც არის რიცხვებით მანიპულირება, რადგან 2024 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით ინფლაცია დაახლოებით გაიზრდება 68.8%-ით. ეს ნიშნავს რომ 2024 წლის 28 მილიარდიანი ბიუჯეტის მსყიდველებითუნარიანობა, 2012 წლის ფასებით, შეადგენს 16.6 მილიარდ ლარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2024 წლის რეალური ბიუჯეტი, ფასების ზრდის გათვალისწინებით, 2012 წელთან შედარებით, რეალურად გაიზრდება 16.6 მილიარდ ლარამდე.
ასევე, რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის ბიუჯეტში, მთავრობის პროგნოზით 2028 წლისათვის ბიუჯეტი იზრდება 43 მილიარდ ლარამდე და არა 50 მილიარდამდე. პრემიერ-მინისტრი ატყუებს საკუთარ მთავრობას.
4) ირაკლი კობახიძე - ,,2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712.5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი”.
პასუხი: ესეც არის რიცხვებით მანიპულირება, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, 2012 წელთან შედარებით, ინფლაცია (იგულისხმება 2024 წლის სექტემბერი 2012 წლის სექტემბერთან) გაზრდილია 66.4%-ით. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი 2005 ლარის მსყიდველებითუნარიანობა, 2012 წლის ფასებით, შეადგენს 1205 ლარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს რეალური საშუალო ხელფასი, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1205 ლარამდე.
5) ირაკლი კობახიძე - „რაც შეეხება პენსიას, 2012 წელს პენსია შეადგენდა 125 და 140 ლარს. 2024 წელს უკვე 315 და 415 ლარია. დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი პენსია“
პასუხი: ამ მონაცემებითაც კარგად ჩანს, რომ ‘’ქართული ოცნების’’ მმართველობის 12 წლის განმავლობაში საბაზო პენსია გაიზარდა მხოლოდ 190 ლარით. დღევანდელი პენსიის მსყიდველობითუნარიანობა 2012 წლის ფასები მიხედვით არის 187 ლარი. სინამდვილეში, რეალური პენსია გაიზარდა მხოლოდ 50%-ით.
2025 წელს ძირითადი პენსია იზრდება 20 ლარით. ამ ტემპით იგი 1000 ლარს მიაღწევს 30 წლის შემდეგ.
6) ირაკლი კობახიძე - "ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი"
პასუხი: 2023 წელს 2022 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა 16%-ით (0.4 მლრდ. დოლარით) და შეადგინა 1.9 მლრდ. დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბოლო წლების მონაცემებს თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა მცირდება უცხოელი ინვესტორებისათვის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლრდ. დოლარი) |
||||||
წლები |
2022 |
2023 |
I კვ. 2024* |
II კვ. 2024* |
ჯამი |
|
სულ |
2.3 |
1.9 |
0.2 |
0.6 |
5 |
|
რეინვესტირება |
1.4 |
1.6 |
0.1 |
0.5 |
3.5 |
|
რეინვესტირების წილი, % |
61% |
84% |
36% |
79% |
71% |
ბოლო 2.5 წლის განმავლობაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების (უცხოელების მიერ უკვე არსებულ ბიზნესში მოგების ჩაბრუნება) წილი 71% იყო, რაც მიუთითებს, ბოლო წლებში, ქვეყანაში ,,ახალი“ ინვესტიციების შემოსვლის მაქსიმალურად შემცირებაზე. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.5 წლის განმავლობაში შეადგინა 5 მლრდ. დოლარი. აქედან 3.5 მლრდ. დოლარი არის რეინვესტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციის სახით ქვეყანაში შემოვიდა მხოლოდ 1.5 მლრდ.
7) ირაკლი კობახიძე - 2012 წელს 30%-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა
პასუხი: უმუშევართა რაოდენობის შემცირება დიდწილად მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების დასაქმების, არამედ მათი ემიგრაციაში წასვლის შედეგად.
ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა. პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა და ადამიანები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში. ამასთან, ამავე პერიოდში მოქალაქეების დიდი ნაწილი დროებით დაბრუნდა ემიგრაციიდან.
2021-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და მიგრაციის უარყოფითმა სალდომ (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) 158 806 ათასი შეადგინა. 2023 წელს ქვეყანა 71 584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2023 წლებში დაფიქსირებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2012-2023 წლებში 316 550 საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც კახეთის მოსახლეობას (303 ათასი კაცი) აღემატება.
მიგრაციული სალდო საქართველოში |
|||
წლები |
მთლიანი სალდო |
სალდო (საქართველოს მოქალაქე) |
სალდო (უცხო ქვეყნის მოქალაქე) |
2012 |
-21,521 |
-31,134 |
9,613 |
2013 |
-2,606 |
-20,723 |
18,117 |
2014 |
-6,543 |
-20,149 |
13,606 |
2015 |
-3,408 |
-16,528 |
13,120 |
2016 |
-8,060 |
-17,619 |
9,559 |
2017 |
-2,212 |
-18,926 |
16,714 |
2018 |
-10,783 |
-28,484 |
17,701 |
2019 |
-8,243 |
-27,500 |
19,257 |
2020 |
15,732 |
23,319 |
-7,587 |
2021 |
-25,966 |
-40,825 |
14,859 |
2022 |
54,509 |
-46,397 |
100,906 |
2023 |
-39,207 |
-71,584 |
32,377 |
ჯამი |
-58,308 |
-316,550 |
258,242 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
საქართველო ბოლო 4 წელიწადში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე. 2020-2023 წლებში 27 318 ადამიანით უფრო მეტი გარდაიცვალა საქართველოში, ვიდრე დაიბადა და ამავე პერიოდში 87.2 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხოეთში, ვიდრე დაბრუნდა
8. ირაკლი კობახიძე - ,,შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას“
პასუხი: ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მსოფლიოში 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილზეა. ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული, რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე კვლევის მიხედვით 49.25 მბ/წმ-ი.
ინტერნეტის სიჩქარე ქვეყნების მიხედვით (მბ/წმ) |
|
რუსეთი |
85.15 |
სომხეთი |
49.86 |
თურქეთი |
39.78 |
აზერბაიჯანი |
35.25 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა |
28.03 |
ინდონეზია |
27.87 |
მაროკო |
27.59 |
ბუტანი |
26.75 |
საქართველო |
26.60 |
ტაჯიკეთი |
26.35 |
ლესოტო |
25.27 |
ბენინი |
23.18 |
დასავლეთ საჰარა |
22.95 |
ჯიბუტი |
22.64 |
საქართველოს ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცოგოვინა - 28.03 მბ/წმ, ინდონეზია - 27.87 მბ/წმ, მაროკო - 27.59 მბ/წმ, ბუტანი - 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი 26.35 მბ/წმ, ლესოთო - 25.37 მბ/წმ, ბენინი - 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა - 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი - 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი - 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი - 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი - 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35.25 მბ/წმ).
როგორ შეიძლება სომხეთში უფრო სწრაფი ინტერნეტი იყოს, ვიდრე საქართველოში, მაშინ როდესაც სომხეთი ინტერნეტს საქართველოს გავლით იღებს.
100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. რაც შეეხება რეგიონს, საქართველოში ყველაზე ძვირია ინტერნეტი. მაგალითად 20 დოლარად რუსეთსა და თურქეთში შესაძლებელია 1000 მბ/წმ-ი ინტერნეტის შეძენა, სომხეთში 300 მბ/წმ-ის და აზერბაიჯანში 70 მბ/წმ-ის, მაშინ როდესაც 20 დოლარად საქართველოში შესაძლებელია 50 მბ/წმ-ის შეძენა.
10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დაპირდა ამომრჩეველს, რომ ,,ქართუ ფონდი“ განახორციელებდა სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტს და დახარჯავდა 120 მილიონ დოლარს. ეს დანაპირები, ისევე როგორც ბევრი სხვა მრავალი, არ შესრულდა.
9) ირაკლი კობახიძე - ,,სოფლის მეურნეობაზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი - 2012 წლამდე ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული“.
პასუხი: 2013-2023 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ პერიოდში, მოცემული სამინისტროს დაფინანსების ზრდის ტემპი 13%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კი 2%. მეტიც, ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორი მცირდება: 2023 წელს შემცირდა 2.8%-ით და 2022 წელს 1.8%-ით.
მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა სრული ოდენობის 17%, სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, მთლიან შიდა პროდუქტში ამ სექტორის წილი 7%-ზე ნაკლებია. მეტი სიცხადისათვის, უშუალოდ 2023 წელს დასაქმებულთა 17%-მა, მთლიანად ქვეყანაში შექმნილი ღირებულების მხოლოდ 6.9% შექმნა.
სოფლად არსებული არასახარბიელო დემოგრაფიული სტრუქტურა, მოსახლეობის დაბერების და მიგრაციის(მათ შორის უცხოეთში), მაღალი დონე დაბრკოლებას წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ძალიან მცირეა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან ერთ ოჯახზე მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი, რომელიც 2023 წლის მონაცემით, მთელი თვის განმავლობაში დაახლოებით 86 ლარი იყო, რაც საარსებო მინიმუმზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.
ამის შედეგიც სახეზეა. ბოლო 11 წლის განმავლობაში სოფელი 119 ათასმა ადამიანმა დატოვა.
2023 წლის მონაცემებით, განხორციელებული ღვინის ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 65% შეადგინა, რაც გარდა ეკონომიკურისა, ასევე პოლიტიკური საფრთხეების შემცველია.
10) ირაკლი კობახიძე - ,,მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, საქართველომ უნდა გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია“
პასუხი: რიკოთის გზის სამუშაოების დასრულების თავდაპირველად დაანონსებული თარიღიდან 4 წელია გასული. აშკარაა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმებოდა. ამავდროულად, ლოგიკურია, რომ პროექტის დასრულებას დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, არაერთხელ დაფიქსირდა უკვე აშენებული ინფრასტრუქტურის ჩამოშლა, ნგრევა და მეწყრის ჩამოწოლით უკვე აშენებული გზების თუ გვირაბების დაზიანება, რამაც აუცილებელი გახადა ერთი და იგივე სამუშაოების რამდენჯერმე ჩატარება, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ 903 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა 2024 წლამდე გადაიწია, მაგრამ ზოგიერთ მონაკვეთზე (მაგალითად რიონის დაზიანებულ ხიდზე) სამუშაოებიც კი არ დაწყებულა.
11) ირაკლი კობახიძე - „1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში“
პასუხი: ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 253 პოლიციელმა მიიღო ბინა. 1000 ბინის დაპირება 2025 წლისთვის (რაც ნაკლებად რეალურია) მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ ისინი. სინამდვილეში, თუ როგორ უდგანან გვერდში პოლიციელს, ამას გასული წლების შედეგებიც აჩვენებენ.
12) ირაკლი კობახიძე - ,,2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება - მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები და მომავალშიც გაგრძელდება”
პასუხი: მთავრობამ გამოაცხადა განათლება პრიორიტეტულად და განაცხადა, რომ 2022 წლისთვის განათლებაზე მშპ-ს 6 პროცენტი დაიხარჯებაო. სინამდვილეში ეს მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. 2024 წელს განათლების ბიუჯეტი არის 2,5 მილიარდი ლარი, რაც მშპ-ს მხოლოდ 2,9 პროცენტია. პირობა რომ შეესრულებინათ, ზუსტად ორჯერ მეტი იქნებოდა განათლების დაფინანსება მიმდინარე წელს - 5.1 მილიარდი ლარი,"- წერს რომან გოცირიძე.