ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
საქმე ის არის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებლები: ხათუნა ლაგაზიძე, სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივა ჭყონია - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მისცა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. TI-მ სასამართლოში იჩივლა, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, გადაწყვეტილება, რომლითაც TI-ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, TI-ზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები გავრცელდა. გუშინ, კი პრემიერ-მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
გუშინ, პრემიერის მიმართვამდე რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებდა, რომ ამ საკითხში ყველა მტყუანია და მხოლოდ ის არის მართალი. მის ამ განცხადებაზე მედიამ დღეს კითხვა დაუსვა.
„ჩვენი გადაწყვეტილებები არის მართალი და ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს. მე აღვასრულებ კანონის მოთხოვნებს“, - თქვა კუპრაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ხომ არ ფიქრობს ის, რომ ირაკლი კობახიძე ჩაერია გადაწყვეტილებაში და მოუწია გადაწყვეტილების შეცვლა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი პასუხობს: „არა, არანაირად, ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ამ გადაწყვეტილებით, მიმდინარე პროცესებით საზოგადოება თავად განსჯის, რასთან გვქონდა საქმე. არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტები, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს“.