მთავრობა უცხოური გრანტების საპირწონედ, გადასახადის გადამხდელების ფულით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ხელისუფლების კორუფციაში მხილების შესაძლებლობა ექნებათ, რადგან თავისუფლება ამ საგრანტო პროგრამის ამოსავალი იქნება.
BM.GE-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას კითხვაზე როგორ შეძლებენ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის კონტროლს, პრემიერი პასუხობს, რომ ეს ნორმალური პრაქტიკაა.
- თქვენ თქვით, რომ აფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს მთავრობა. როგორც მინიმუმ, უცნაურად არ ჟღერს წინადადება - არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს მთავრობა? იმ ორგანიზაციებმა რა საქმე უნდა გააკეთონ. როგორ შეძლებენ საქმიანობის განხორციელებას ე.წ. მოდარაჯე არასამთავრობო ორგანიზაციები? მაგალითად, რამდენად ეფექტიანად იხარჯება ბიუჯეტის ფული, სატენდერო პოლიტიკა როგორია, საპენსიო თანხების განკარგვა... როგორ შეასრულებენ "მოდარაჯე" არასამთავრობოები საკუთარ ფუნქციას, თუ მათი დაფინანსება არ მოიაზრება?
პრემიერი: მე ჩამოვთვალე მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა და სხვა საკითხები. მე, როცა წარვადგინე სამთავრობო პროგრამა 8 თებერვალს როცა დამტკიცდა ახალი მთავრობა. მე მაშინაც ვთქვი, რომ კორუფციის მიმართულებით ძალიან ამბიციური მიზანი გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირით. ამისათვის უკვე გადაიდგა კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, საკადრო ცვლილებები გადაიდგა ისეთ სფეროებში, სადაც ვხედავდით გარკვეულ რისკებს და რისკფაქტორებს. სხვა ტიპის ნაბიჯებიც გადაიდგა და ვფიქრობ, რომ დღეს მდგომარეობა უკვე არის არსებითად გაუმჯობესებული, თუმცა გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი საშუალოვადიან პერიოდში, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირით. ამაში, მე პირადად როგორც მთავრობის მეთაურს ვერავითარ და არავითარ დახმარებას არ მიწევს არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.
- მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას ამხელს კორუფციაში?
პრემიერი: კი, კი. მთავრობას დაეხმარება, რომ სამთავრობო სტრუქტურებში აღმოიფხვრას კორუფცია. ეს არის ჩვენი ინტერესი. პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ინტერესია, რომ სამთავრობო სტრუქტურებში მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია. იქნება ეს დაბალი, საშუალო თუ ნებისმიერი დონე. ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისათვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმარონ სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრასა და იდენტიფიცირებაში.
8 თებერვლიდან მოქმედებს ახალი მთავრობა. თქვენ იცით, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ იყო ის, რომ მთავრობის ყველა განკარგულება გახდა გამჭვირვალე. თუ რომელიმე განკარგულებიდან ამოიკითხავთ კორუფციის ნიშანს, მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო, მაგრამ არის ათასობით განკარგულება საჯარო, ღია, გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ვერც ერთ განკარგულებაში თქვენ ვერ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ეს მოაქვს გამჭვირვალობას".
- თქვენ დადეთ პირობა და არც ერთი ძველი განკარგულება არ გამოქვეყნებულა. თქვენ გამოეცით განკარგულება, რომლითაც 26 იანვრის განკარგულებაში შევიდა ცვლილება და იმ განკარგულებაზე არ გვაქვს წვდომა. როდის გამოქვეყნდება განკარგულებები?
პრემიერი: 80 000 აქტზეა საუბარი, დამუშავდება და გამოქვეყნდება. საჭიროა სისტემატიზაცია და ამის შემდეგ ერთიანად აიტვირთება. ახლა სისტემატიზაციის პროცესი მიდის. არის ათასობით ღია და გამჭვირვალე განკარგულება და ვერც ერთში თქვენ ვერ ნახავთ კორუფციის ნიშნებს.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას, თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია?
- როცა იდეა გაგიჩნდათ, რა იყო საუკეთესო პრაქტიკა, საიდანაც მაგალითი აიღეთ. ევროპის რომელ ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა?
პრემიერი: ნორმალური პრაქტიკაა. მე შემიძლია გითხრათ, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „ნედი", [დონორი ორგანიზაციაა] რომელიც აშშ-ს მთავრობის მხრიდანაა დაფინანსებული. რომელიც კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებს. მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაურს მჭირდება დახმარება კორუფციის აღმოფხვრაში და ამისთვის ჩვენ შეიძლება დავიქირავოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩაუღრმავდებიან ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის ხელისუფლების სტრუქტურებში. როცა დასამალი არაფერი გაქვს და თვითონ არ ხარ ჩართული კორუფციაში შენს ინტერესებშია ჩართო ნებისმიერი სუბიექტი კორუფციის აღმოფხვრაში".