პრემიერ-მინისტრი და არსებული კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი კობახიძე ამბობს, კონსტიტუციაში ცვლილებები იმისთვის შევიდა, რომ ხაზარაძეს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინვესტორები მოეზიდა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.
ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებზეა საუბარი და რა შეიცვალა ქვეყნის მთავარ კანონში იმისთვის, რომ ერთ კერძო პირს, პროექტი განეხორციელებინა.
"აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხაზარაძემ დავა წააგო. სახელმწიფომ, ყველა პირობა შეუქმნა, ხაზარაძის კონსორციუმს, რომ მოეზიდათ ინვესტორები. ასევე, რამდენჯერმე მოხდა გადავადება მთავრობის გადაწყვეტილებით. თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ხაზარაძემ ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა. ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. შემდეგ, გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან ვითომ მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე, იმიტომ რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო, ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმიტომ, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიძია და ეს დაადგინა არბიტრაჟმა", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძეს ბევრად დიდი ჯარიმა ეკუთვნის, ვიდრე არბიტრაჟმა დააკისრა, თუმცა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
" მე მგონია, რომ ხაზარაძეს წესით ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ამტკიცებდა და ავრცელებდა ტყუილს. გარკვეული ზიანი მიადგა ამ ტყუილის გავრცელებით ჩვენს სახელმწიფოს, რისთვისაც ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაგრამ არბიტრაჟმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას", - თქვა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.
პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, 650 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.