უსამართლო შეფასება და თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენას.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, კანონმდებლებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს, რათა განსაზღვრონ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყნისადმი, რომლის ხელისუფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, საქართველო დემოკრატიულ გზას დააშორა.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.
"ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, არა ერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით. ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე. რაც არის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან სამწუხარო. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს გვინდა შევთავაზოთ განსხვავებული დღის წესრიგი, რაც გულისხმობს გადატვირთვას. თქვენ იცით, ამ ურთიერთობებში რამდენი რამე გაფუჭდა გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ამ ფონზე, განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ და აქტები რომლებიც გაკეთდა კონტრპროდუქტიულია.
ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც თანაბრად არის საქართველოს და ამერიკის ინტერესებში და მე, იმედი მაქვს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.
კონგრესიდან საქართველოსთან მიმართებით ორი ძირითადი გზავნილი გაჟღერდა:
კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სხდომის თანათავმჯდომარეა, ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. მისივე განცხადებით, ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ.
თქვენი ამბიციები ევროკავშირსა და ნატო-ში მომავლის შესახებ კარგად არის ცნობილი და ეს კონგრესი და ადმინისტრაცია განაგრძობს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, როგორც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ქართველი ხალხის აქტი – „მეგობარი აქტი“, რომელიც მე გასულ თვეს შემოვიღე, ასახავს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ თქვენს დემოკრატიულ მომავალს, მაშინაც კი, როცა თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით ნაკისრ დაპირებებს”, – განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა.