საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი მრჩეველი ჰყავს, მაგრამ მათ ვინაობას არ ამხელს.
მთავრობის მეთაურის მრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაცია BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ოფიციალურად გამოითხოვა.
როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს: 1. მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში; 2. მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში; 3. მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში; 4. მრჩეველი (მითითებული არაა რა მიმართულებით).
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრის მრჩევლების ვინაობა და მათ შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ფრანგულაშვილი განმარტავს, მიზეზი ის არის, რომ მრჩევლების შესახებ BMG-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას განეკუთვნება და მისი გაცემა მხოლოდ ამ პირთა თანხმობით არის დასაშვები. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მუხლი, რომელიც ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემას კრძალავდა, არაა მითითებული.
კითხვები, რომლებზეც BMG-იმ პასუხები ვერ მიიღო:
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა სია/ვინაობა, განათლება და სამუშაო გამოცდილება;
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერილობები;
• როგორ იზომება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა საქმიანობის ეფექტიანობა;
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა შრომითი ანაზღაურებების ოდენობა;
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა შრომითი ხელშეკრულებების ვადა.
news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.