მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეს–რელიზის გარეშე – IMF-ს სათქმელი არაფერი აქვს

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ვიზიტის შესახებ პრეს–რელიზს არ გაავრცელებს – ინფორმაცია „ანალიტიკა“–ს საქართველოში IMF-ის წარმომადგენლობამ დაუდასტურა.

როგორც ჩანს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვს, რადგან „ანალიტიკა“–ს არაერთი მცდელობისა, ინტერვიუ ჩაეწერა საქართველოში ვიზიტად მყოფი მისიის ხელმძღვანელთან – ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან ან საქართველოში IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან – ენდრიუ ჯუელთან – საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისის თუ ვაშინგტონის ოფისების მონდომების ფონზე, ვერცერთი ეს ინტერვიუ ვერ შედგა.

მართალია ქართული ოცნების ხელისუფლების უწყებები საკმაო ინტენსივობით გვიგზავნიდნენ რელიზებს, იქიდანაც, მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ვიღებდით და არა – დეტალურს. ერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას ის არის – და ამ მოსაზრებას, მათ შორის, ეს ოფიციალური რელიზებიც ამყარებს - რომ ქართულ მხარესთან შეხვედრებზე IMF-თან სამომავლო პროგრამის ბედი არ განხილულა. ეს თავიდანვე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცალსახა და მკაფიო დათქმა – მისია ქართული ოცნების ხელისუფლებასთან პროგრამაზე სასაუბროდ არ ჩამოდიოდა.

საინტერესოა, რომ ეს დათქმა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იმ ფონზე გააკეთა, როცა მისიის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე Reuters-ზე გამოჩნდა სტატია, სადაც ქართული ოცნების ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ საქართველოს IMF-თან პროგრამა ისევ უნდოდა. მოგვიანებით, ლევან დავითაშვილმა დააზუსტა, რომ ქართულ ოცნებას თავისი პირობები ექნებოდა და თუ ფონდთან შესათანხმებელი რეფორმების ჩამონათვალი მათ ინტერესებს სრულად არ მოერგებოდა, მაშინ ქართული ოცნების მთავრობა საქმიანობას პროგრამის გარეშე გააგრძელებდა.

2022 წელს დამტკიცებული პროგრამიდან, ქართული ოცნების ინტერესებს ორი რეფორმა არ მოერგო: ერთი – საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ეხებოდა; მეორე კი - სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციას.

ამ ორი მთავარი პირობის დარღვევის გამო, სავალუტო ფონდმა საქართველოს პროგრამა შეუჩერა და ის დღემდე შეჩერებულია. პროგრამას ვადა 2025 წლის ივნისში გასდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები