პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
საქმე ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება იქნება, ნაცვლად პრეზიდენტისა.
"უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.
პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.