“დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა,აზრის გამოხატვის უფლება (მე-17 მუხლი) და შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი), დღეს ორივე დაირღვა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალი“ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა პოლიცია, რომელმაც ვერ აღკვეთა ძალადობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
“ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც შეთანხმებული და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს. საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები.
ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. მათ “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
„თბილისი პრაიდი“ კვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ. ამის მიუხედავად, პოლიციამ ვერ შეძლო ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და ისინი ტერიტორიას გაარიდა.