თბილისში ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს, საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს ელჩების კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია.
"26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია", - აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილის განმარტებით, გასულ წელს პრეზიდენტი მიწვეული იყო კონფერენციაზე, თუმცა მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო დღევანდელ კონფერენციაზე ის მიწვეული არ ყოფილა.
"ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები, სამუშაო სივრცეები. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე... შესაბამისად, მოვისმინეთ პრემიერს მიმართვა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, მოვისმინეთ ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა, რომელიც ჩართული იყო კანონმდებლობის მიმართულებით. წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ლოგიკით იყო აწყობილი", - თქვა დარჩიაშვილმა.