საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსული კანონის“ გასაჩივრებას უპერსპექტივოს უწოდებს და ამბობს, რომ იმის მტკიცება, რომ კანონი არასწორია, უბრალოდ შეუძლებელია.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანით, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა, რომელმაც თავად პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევად გამოაცხადა.
„ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა ცუდია, სამართლებრივად არასწორია - ამის მტკიცება უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი დადებითი რაც ამ სარჩელს აქვს, ეს ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება სარჩელს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.