ICR-ის დამფუძნებლის, კახა ხაზარაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ბიზნესმა სიმართლე ილაპარაკოს და გათავისუფლდეს, მატერიალური მხარის გვერდით გაწევაა საჭირო. როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს, რა არის მისთვის ღირებული, თავისუფლება თუ ქონების გადარჩენა, რაზედაც ხშირად ვიღაცები ბიზნესს ირჩევენ.
როგორც კახა ხაზარაძემ აღნიშნა, იმ ადამიანებსაც, ვინც სიჩუმე არჩია, ხვალ და ზედ პრობლემები მათაც შეექმნებათ, თუმცა რეაქცია გვიანი იქნება. შესაბამისად, პრობლემა იმდენად მკაფიოა, რომ სიჩუმე ღალატის ტოლფასია.
„ბიზნესი რომ გათავისუფლდეს და სიმართლე ილაპარაკოს, მატერიალური მხარე გვერდზე უნდა გაწიოს, რადგან არსებობს შიში სიმართლესთან მიმართებაში, რომელმაც შეიძლება პრობლემები შექმნას. ამიტომ, არჩევანი უნდა გააკეთო, რა არის შენთვის უფრო ღირებული თავისუფლება თუ ქონების გადარჩენა, ამ შემთხვევაში ვიღაცები სიჩუმეს ირჩევენ ხოლმე. თუმცა, მე ისიც მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ამ შემთხვევაში მოგებული არავინ დარჩება. იმ გაჩუმებულ ადამიანსაც ხვალ, ზეგ პრობლემა შეექმნება, მაგრამ მათი რეაქცია უკვე გვიანი იქნება.
დაახლოებით 1000-ზე მეტი თანამშრომელი მყავს. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარი ოჯახის, თანამშრომლების და ჩემი ქვეყნის მიმართ. ამიტომაც ვსაუბრობ. მე მინდა, რომ ეს 1000 ადამიანი დასაქმებული დარჩეს, მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები ჰქონდეთ და მათი პერსპექტივა იყოს გამჭვირვალე. თორემ, მე რომ მათი ბედი არ მაღელვებდეს, ამ თემაზე ასე არ ვისაუბრებდი. ბიზნესმენების სიტყვა, რომ ამბობენ მე ვერ ვილაპარაკებ, ჩემს უკან თანამშრომლები, პარტნიორები არიან, ჩვენ ბიზნესის ანბანი ხომ ევროპულმა და ამერიკულმა კომპანიებმა გვასწავლეს და ამ ბიზნესების 90 %-ს კაპიტალი ამ ქვეყნებიდან აქვს წამოღებული. მე მაინტერესებს დღეს, როდესაც ამ ბიზნესებს პარტნიორებთან უწევთ საუბარი, რას ეუბნებიან, რით ხსნიან ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას და თავის პოზიციას. არა მხოლოდ პარტნიორებთან, ამასთან ოჯახის წევრებთანაც, რადგან დღეს ამით ხომ ჩვენი შვილების და მომავალი თაობის მომავალს ვანგრევთ“, - განაცხადა ხაზარაძე.
მისი თქმით, ფულის და ბიზნესის კეთება ერთმანეთისგან განსხვავდება. ქვეყანაში კი ბიზნესის რამდენიმე კატეგორიაა. არიან ბიზნესები, რომლებიც სასათბურე პირობებში არიან არსებულ ხელისუფლებასთან. კახა ხაზარაძის განცხადებით, ასევე, არიან მეორე კატეგორიის ბიზნესები, რომელთაც უჭირს არჩევანის გაკეთება და ხმამაღლა საუბარი, რადგან დიდი ზომის არ არიან და ასევე, არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც როდესაც რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდის, ოჯახის პოზიცია ახსენდება.
"ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ინსტიტუციები არ მუშაობს. თორემ საგადასახადო სისტემა ისეა აწყობილი ქვეყანაში, რომ ბიზნესის 80% გამჭვირვალეა. აქედან გამომდინარე ხელოვნურ პრობლემებზეა საუბარი, რომ სიმართლეს ვერ პოულობ ადამიანი, რადგან დღეს პირველი პრობლემა სასამართლოშია.
კულუარებში, როდესაც პოზიციებს ვეკითხები, მთლიანობაში მეთანხმებიან, მაგრამ დაკვირვების რეჟიმში არიან. შეიძლება დაკვირვების რეჟიმი ძველ სიტუაციაში ყოფილიყო გამართლებული, მაგრამ დღეს ეს პრობლემა იმდენად მკაფიოა, რომ სიჩუმე ღალატის ტოლფასია“, - განაცხადა ICR-ის დამფუძნებელმა.