ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, იქვე მდებარე კლინიკა „ჰელსიკორიდან" 100-მდე პაციენტი სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ხანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, განცხადებით, ხანძრის გამო ჟანგბადის ქარხანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც იძულებულნი იყვნენ პაციენტები სხვაგან გადაეყვანათ.
"კლინიკაში იმყოფებოდა 93 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი ოპერატიულად გადავიყვანეთ. ჯანდაცვის მინისტრიც ჩვენთან ერთად არის. მადლობა 112-ს, შსს-ს. 1 საათში მოხდა ყველა პაციენტის გადაყვანა ინგოროყვაში, „პინეოში“ და ალადაშვილის კლინიკაში", - განაცხადა ხანთაძემ.
მისივე თქმით, ყველა პაციენტი კარგად არის და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ზოგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილით, დანარჩენი სასწრაფოს მანქანით გადავიყვანეთ“, - დასძინა ხანთაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამო, ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, დამწვარია, დაახლოებით 15 000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია.




























