ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება არის ძალიან რთული, ამიტომ ნებისმიერი განაცხადი ძალიან ლოიალური მექანიზმით და პრინციპით იქნება განხილული და იქნება პოზიტიური შეფასება გაცემული.
ჟურნალისტის რეპლიკაზე მიიღება თუ არა ნებისმიერი ცნობა, როგორც კერძო პირისგან ასევე ოჯახებისგან, მინისტრის მოადგილემ უპასუხა: „ოჯახებისგან არა, თუმცა იგივე საბანკო ანგარიშები იქნება, რომელშიც იურიდიული პირი არის ბანკი და მიიღება ეს ცნობა, თუნდაც დაფარვები, თუნდაც გადახდები ეს იქნება საკმარისი ,რომ მათ დაადასტურონ თავისი ფულადი ტრანზაქციები“.
კითხვაზე დამსაქმებელმა რომ რეკომენდაცია გაუწიოს პირს, რომელიც მასთან იყო დასაქმებული და მას ხელზე აძლევდა ხელფასს, ეს თუ ჩაითვლება ცნობად? თამარ ბარკალაია ამბობს, რომ ესეც ჩაითვლება ცნობად, რომელიც იურიდიული პირისგან არის მიღებული და აქვე განმარტავს, რომ ეს დამსაქმებელს უხერხულობას, ბიუჯეტისგან გადასახადების თავის არიდების კუთხით, არ შეუქმნის.
„დამსაქმებელი ამ შემთხვევაში არ იქნება გადამოწმებული, ეს პროცესი რა თქმა უნდა ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან ერთად იქნება, თუმცა ეს პროცესი არ არის ორიენტირებული დამსაქმებლის დასჯაზე, ან დამსაქმებლების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ამ ცნობებს გასცემდნენ, არამედ ეს პროცესი ორიენტირებულია იმ დასაქმებულების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ხელფასს იღებდნენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია და დამსაქმებელმა უნდა აიღოს ეს სოციალური პასუხისმგებლობა, თუმცა მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულება არის მათ შორის დამსაქმებლის მიმართ, რომ ხელი შევუწყოთ დამსაქმებლებს რომ თავისი დასაქმებულების ინტერესი დაიცვან“, - განაცხადა ბარკალაიამ.