გლობალური შეფერხებების გამო, წელს მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი თითქმის ყველგან თანაბრად დაირღვა. ამან კი ბევრი პროდუქტის, სურსათიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთებით დასრულებული, დეფიციტი შექმნა. გადაზიდვების შეფერხების გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ჩინეთის და ევროპის ენერგეტიკული კრიზისია - ჩინეთი არასაკმარისი ელექტროენერგიის გამო წუხს, ევროპა კი ბუნებრივი აირის მასიურ დეფიციტს ებრძვის. შედეგად, ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის პორტებში გაჩერებული გემების რაოდენობამ იმატა, სხვადასხვა კონტინენტის მომხმარებელი კი კვლავ პროდუქციის მოლოდინშია.
CNBC-ის ცნობით, მიმდინარე ენერგოკრიზისის შედეგები მნიშვნელოვნად ისახება ასობით პროდუქტის წარმოების შეჩერებაზეც - არასაკმარისი ენერგიის გამო, ქარხნების დიდი ნაწილი მუშაობას გაურკვეველი ვადით აჩერებს, ხოლო ამასობაში მალფუჭებადი პროდუქცია, ვარგისობის ვადის გასვლის გამო, ნადგურდება.
ეკონომისტები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ წლევანდელი შობა-ახალი წლის პერიოდში მოსახლეობის დიდ ნაწილს საჭირო პროდუქტები, ინვენტარი და დეკორაციები არ ექნებოდათ, თუმცა ახლა დეფიციტური საქონლის ნუსხა მკვეთრად გაიზარდა, შედეგად, რიგ ქვეყნებში პროდუქტებზე გაზრდილი ფასნამატის გამო, ხალხი უკვე წუხს.
და მაინც, როგორია იმ პროდუქტების ნუსხა, რომლის დეფიციტსაც უნდა ველოდოთ?
სიის სათავეში ყველაზე მნიშვნელოვანი - საკვებია. ენერგოკრიზისით გამოწვეული გაზრდილი ხარჯების გამო, შეფერხებულმა წარმოებამ სხვადასხვა რეგიონში საკვების მიწოდების ჯაჭვი სრულად მოშალა. უფრო მეტიც - ფერმერების დიდ ნაწილს საქმიანობის გაგრძელება აღარ შეუძლია. შესაბამისად, წარმოებული პროდუქტი მოსახლეობისთვის საკმარისი აღარაა.
სასუქზე მომატებული ფასები სამომხმარებლო პროდუქციის ფართო სფექტრზე აისახება, მათ შორის გაზიან სასმელებსა და შეფუთულ, კონსერვირებულ საკვებზეც. სასუქის შეზღუდულმა წარმოებამ სექტორი CO2-ის დეფიციტის წინაშეც დააყენა, რომელიც ამ ტიპის პრიდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.
შეფერხებულია ტექნოლოგიური წარმოებაც. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქარხნების რამდენიმე მთავარმა მიმწოდებელმა საქმიანობა შეაჩერა. მასთან ერთად, შეჩერდა საშობაო დეკორაციების წარმოების პროცესიც. მოსახლეობა ასევე ლითონის, ქიმიკატებისა და ცემენტის მკვეთრ დეფიციტსაც განიცდის.