მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროექტის პროგრესის მხრივ ფენომენალური შედეგი გვაქვს“ - როგორი იქნება ბათუმის კუნძული?

ამბასადორი

ბათუმში, კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. როგორც კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ ახალ რენდერებში ჩანს, პროექტი გარკვეულწილად დაკორექტირებულია.

შესამჩნევი სიახლეა შუაში მდგარი მაღლივი შენობა, რომლის პროექტირება ამერიკულ Shop Architects-ს ეკუთვნის. დამატებითი დეტალები შენობების სართულიანობისა და გარშემო არსებული სივრცეების შესახებ, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას კომპანიის იურისტი გოჩა კამკია აცხადებს, რომ კუნძულის დაპროექტება თურქეთში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიის Yuksel Proje-ის მიერ განხორციელდა. განაშენიანების გეგმა კი ბრიტანულმა Aroup Group შემუშავება.

„პირველადი რენდერები ყოველთვის საპრეზენტაციოა, რომელიც წარედგინება შესაბამის ორგანოების და საზოგადოებას, თუმცა შემდგომში ხდება მისი დამუშავება. „ამბასადორი ჯგუფი“ აპირებს, რომ პროექტი იყოს საერთაშორისო დონეზე აყვანილი, ამიტომ დაკონტრაქტდა ცნობილ ბრიტანულ კომპანია Aroup -თან, მან აიღო ვალდებულება რომ პროექტში გათვალისწინებული ყოფილიყო მომავლის ქალაქების საუკეთესო პრაქტიკა. ეს გულისხმობს ადამიანების კომფორტულ განსახლებას, მაქსიმალური რეკრეაციის შექმნას, ფუნქციურ მრავალფეროვნებას და ა.შ.

კუნძულის ცენტრში გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა იქნება ბათუმის და არა მარტო ბათუმის, მთელი საქართველოს სიამაყე. ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით გაბედული ნაბიჯები. დაპროექტებაში ჩართული იყო მანჰეტენზე დაფუძნებული ამერიკული კომპანია Shop Architects-ი, რომელიც დასახელებულია ამერიკაში 2022 წელს საუკეთესო კომპანიად. ეს იქნება შენობა, რომელიც ბათუმს გახდიდა ცნობადს. განხორციელების შემდეგ ეს იქნება ქვეყნის სიმბოლო.

84 ჰა-დან სადეველოპმენტო ხაზი უკავია 51%-ს , ხოლო 49% მოდის სარეკრეაციო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რომელიც იქნება საჯარო წვდომის. ამ განაშენიანებული 51%-დანაც დიდი წილი დაეთმობა სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეებს,“ - განაცხადა კამკიამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის პროგრესირებასთან დაკავშირებით კომპანიას „ფენომენალური შედეგი“ აქვს და ის დაგეგმილზე სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ.

„პროექტი ითვალისწინებს ულტრათანამედროვე ქალაქის მოწყობას. აღნიშნული საინვესტიციო ხელშეკრულებით პროექტის განხორციელება დაიყო ორ ეტაპად, პირველი ორი წელი გათვალისწინებული იყო წინასწარი კვლევებისა და ტექნიკური ეკონომიკური კონცეფციის შემუშავებისთვის, შემდეგი ორი კი გათვალისწინებულია სანებართვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის. ფენომენალური შედეგი გვაქვს პროექტის პროგრესირებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა, რომელიც უზრუნველყოფდა კუნძულის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მიღებას. პარალელურად სწორხაზოვანი ხედვის შედეგად, შევკრიბეთ საერთაშორისო პარტნიორები, მოვიწვიეთ ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც პარალელურად უზრუნველყოფენ როგორც არქიტექტორულ, ისე საინჟინრო ნაწილის და განაშენიანების გეგმის, ასევე გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შემუშავებას. მთელი 4-წლიანი ციკლი, რომელიც გათვალისწინებული იყო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით ფაქტობრივად 2 წელშია შესრულებული.

თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროექტი კომპლექსურია, მას აქვს ვადები სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული. ველოდებით, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში პროექტი სრულად მოიპოვებს ყველა ნებართვას და ის ჩაეშვება.

როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება შთაგონებულია ამ პროექტით, არის თანმიმდევრული, არ აკლია ყურადღება და ამიტომ მადლობა ამისთვის ყველას.

კუნძულის მოდელირება თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო დაწესებულებაში ხდება, მის გვერდით კი მიმდინარეობს თურქეთის პირველი ატომური ელექტრო სადგურის მოდელირების სამუშაოებიც. ჩვენ ვთხოვეთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე განეხორციელებინათ წარმომადგენლობა, რათა იქაურ სპეციალისტებთან მომხდარიყო შეხვედრა, პირველ რიგში ჩვენ ვართ მოტივირებული ჯანსაღი ოპონირების, სადაც მოხდა საერთაშორისო პრაქტიკის თანხვედრა.

მსოფლიოს უძლიერესი სპეციალისტები გვყავდა ჩართული, კუნძულის დაპროექტება თურქეთში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიის Yuksel Proje-ის მიერ მოხდა, რომელიც უამრავ ქვეყანაში მუშაობს. მას აქვს დაპროექტებული ორდუს საერთაშორისო აეროპორტი შავ ზღვაში, რომელიც მდებარეობს ტრაპიზონის მახლობლად. ეს არის კუნძულზე დიდი ტერიტორია, რომელიც ექსპლუატაციაშია შესული. ეს არის ერთ-ერთი მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ იქნება კუნძული მდგრადი,“- აცხადებს კამკია.

კომპანიაში გასულ თვეში ბათუმში დაფიქსირებულ უპრეცედენტო შტორმზეც ისაუბრეს. მათი თქმით, კვლევები კლიმატური ცვლილებებით არსებულ გამოწვევებსაც ფარავს.

„ჩვენ ვიყავით დაინტერესებული, შესაბამისად შტორმს აკვირდებოდნენ ჩვენი სპეციალისტები. მინდა აღვნიშნო, რომ კუნძულის არეალზე არავითარი ზემოქმედება მას არ მოუხდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები თავშივე იყვნენ მართლები. ისინი ემყარებოდნენ არგუმენტებს, რომ ამ არეალში აღნიშნული პროექტის განხორციელება არის რეალური, მდგრადი და უსაფრთხო.

რაც შეეხება ვადებს, მიწის სამუშაოებზე ნებართვების გაცემიდან დასჭირდება 2-3 წლამდე პერიოდი, რომელსაც უკვე მოჰყვება განვითარება. თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის სავალდებულო კუნძულის განვითარება დაიწყოს მას შემდეგ რაც სამუშაოები დასრულდება, შესაძლებელია განაშენიანება დაიწყოს პარალელურად მას შემდეგ რაც პირობითაც დასრულდება 20 ჰა-ის მოწყობა, ამ მხრივაც პროექტი უნიკალურია,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას გოჩა კამკიამ.

ბათუმში $100-მილიონიანი მეგაპროექტი ცენტრალურმა მთავრობამ აჭარის მთავრობასთან ერთად 2021 წლის სექტემბერს წარადგინა. საუბარია 90 ჰა ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ბარცხანისა და თამარის დასახლების ორკილომეტრიან სანაპირო ზოლს, რომელიც ხელოვნური კუნძულის აშენების მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადაეცა - იგი თავის მხრივ სპეციალურად ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის 2021 წლის ზაფხულში დაფუძნდა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

პროექტის დაანონსების დროს კომპანიაში BMG-ს უთხრეს, რომ კუნძული დასრულებული სახით დღის სინათლეს 2028 წლისთვის ნახავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები