“პროფესიულ განათლებას იმიჯი და პოპულარიზაცია ჯერ კიდევ სჭირდება” - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" წარმომადგენელმა ირინა წეროძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, მიუხედავად დამკვიდრებული სტიგმებისა, ახალი თაობა, კარიერის ამ კუთხით განვითარებით ნელ-ნელა უფრო ინტერესდება.
"პროფესიულ განათლებას ცოტა ახალგაზრდა ირჩევს, თუმცა დღეს ოდნავ უკეთესი სიტუაციაა. მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პროგრამისტობა და IT სფერო ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში, ასევე ტურიზმის მიმართულების პროგრამები. ნელ-ნელა, გარკვეული ტრენდების გათვალისწინებით, ახალგაზრდები თავს ანებებენ ამ სტიგმას, რომ აუცილებლად უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, რაც ძალიან სასიხარულოა”, - ამბობს ირინა წეროძე.
მისი განმარტებით, შრომითი ბაზრის ნებისმიერი კვლევა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა, აჩვენებს, რომ ქვეყანას პროფესიული განათლების კვალიფიკაცია სჭირდება.
"ეს არის ვაკანსიები, რომლებიც უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციები. პროფესიული თუ უმაღლესი განათლებისთვის 1 წლის დათმობას ადამიანს 7%-ით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
გუშინ შესწავლილი უნარები, დღეს უკვე მოძველებულია. რამდენიმე წლის წინ დრონის ოპერატორის პროფესია საერთოდ არ არსებობდა, დღეს ის ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია. ახალი პროფესიები ჩნდება, ამიტომ მათი შესწავლისათვის ჩვენი მზაობა და გახსნილობა აუცილებელია”, - ამბობს USAID-ის პროგრამის წარმომადგენელმა.