მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობა, მომავლის უნარების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ირინა წეროძე სკოლებში პროფესიულ განათლებაზე

USAID

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო სისტემაში პროფესიული სწავლების ახალი პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებში პროფესიული განათლების სისტემა დაინერგება.

სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვასა და კონკრეტულად ამ ინიციატივა BMGtv-ის ეთერში USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძემ შეაფასა.

ის მიიჩნევს, რომ ამ პროექტის რეალურად განხორციელების შემთხვევაში, პრიორიტეტი IT სფერო იქნება, რადგან დღეს ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ეს მიმართულებაა.

"ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და დასაქმებადი სფერო. მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეები დღეს თუ სადმე სიხარულით მიდიან და სწავლობენ, უპირველესი არის სწორედ IT მიმართულება. 2000-ზე მეტი სკოლაა და საჭიროა გარკვეული პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც IT მიმართულებით განათლების მიწოდების შესაძლებლობა და გამოცდილება აქვთ. ცალ-ცალკე ამ 2000-ზე მეტ სკოლაში, განსაკუთრებით რეგიონებში, ამ მიმართულების მასწავლებლებს ვერსად იპოვიან. ამიტომ, აუთსორსი სხვა კომპანიებთან, მაგალითად IT აკადემიებთან, ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთი მოდალობა შეიძლება იყოს", - ამბობს ირინა წეროძე.

USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სწორედ ამ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას USAID-ის არაერთი პროექტი უწყობს ხელს.

"ძალიან საინტერესოა ეს კოლაბორაციები სახელმწიფოსთან, ასევე ძალიან საინტერესოა ექთნების ახალი რეგულაცია, რომელიც შემოდის და ეს პროფესია სულ მალე რეგულირებადი გახდება. ამიტომ, სახელმწიფოსა და ბიზნესის ტანდემი მომავლის მნიშვნელოვანი აქტივობაა, რაზეც ალბათ ბიზნესი ფიქრობს. მე ვიცი, რომელი ჩვენი პროექტები უწყობს ამას ხელს და ძალიან მიხარია", - აცხადებს ირინა წეროძე.

წეროძეს თქმით, რეგულირებადი პროფესიების ნაწილში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, თუმცა ამ რეგულაციების დაკმაყოფილებისთვის ბიზნესს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ის პროექტები, რომელიც USAID-მა პროფესიული განათლების მიმართულებით აარჩია, საკმაოდ ფრთხილად იყო განხილული, ვინაიდან მნიშვნელოვანი იყო თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან, რაც ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჰქონდა.

"დონორების დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ უნდა მოახდინონ პილოტირების ხელშეწყობა,რასაც ვერ ახდენს სახელმწიფო. სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რესურსი, რომ რაღაცებს დააკვირდეს, პილოტირებაში ფული დახარჯოს და ა.შ. შესაბამისად, ასეთი დიდი მასშტაბის ინვესტიციები არის ძალიან საინტერესო", - ამბობს USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე.

ცნობისთვის: USAID-ის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პროგრამა 2021 წელს დაიწყო და ამ დროისთვის, ყველა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულებულია. პროგრამის ჯამური ინვესტიცია 100 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები