მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამა ერთ-ერთი მოდალობაა, რომელშიც ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს - IMF-ის მისიის ხელმძღვანელი

IMF საერთაშორისო სავალუტო ფონდი

IMF-ის მისიის ხელმძღვანელი, ალეჰანდრო ჰაჟდენბერგი ამბობს, რომ პროგრამა ერთ-ერთი მოდალობაა, რომელშიც შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობა გაგრძელდეს. მან ამის შესახებ სებ-ში, ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას სავალუტო ფონდის შეჩერებულ პროგრამაზე და ახალი პროგრამის პერსპექტივებზე. მისიის ხელმძღვანელმა იმ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პროგრამის მიღმა არსებობს.

"პროგრამის ვადა 14 ივნისს იწურება. ამ ვიზიტის განმავლობაში, გვქონდა განხილვები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებულ მოდალობებზე, როგორ შეუძლიათ IMF-ს და საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობა. ამას შეიძლება მიიღოს ისეთი ფორმა, როგორც ახლა, კონსულტაციები, წლიური ვიზიტები, რეგულარული დიალოგი, რომელსაც ვინარჩუნებთ, როდესაც მისია აქ არაა, გვყავს წარმომადგენელი თბილისში, ასე რომ, გვაქვს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასთან. ასევე გვაქვს, ძალიან ინტენსიური ტექნიკური დახმარების პროგრამა საქართველოსთან. როდესაც პროგრამა დაპაუზებული იყო, ბევრი ტექნიკური დახმარების გაწევა მოხდა. სებ-მა და მთავრობამ ბევრი ან რეკომენდაციის იმპლემენტაცია მოახდინეს.

პროგრამა ერთ-ერთი შესაძლო მოდალობაა, რომელშიც ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ, ამას განვიხილავთ როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო გზა, რომლითაც IMF-მა შესაძლოა მხარი დაუჭიროს საქართველოს",- ამბობს ალეჰანდრო ჰაჟდენბერგი.

BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად სჭირდება საქართველოს ახალი პროგრამა ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ის ამბობს, რომ პროგრამის მიუხედავად, ქვეყანაში არის პროგრესი.

"ბევრ საკითხს განვიხილავთ. არის განსხვავებული პერსპექტივები, ყოველთვის ყველა საკითხზე ვერ ვთანხმდებით და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. იყო გარკვეული საკითხები, რაზეც სრული თანხმობა არ გვქონდა, მაგრამ, იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, პროგრამის მიუხედავად, მაგალითად მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით, ფინანსური სექტორის სიჯანსაღის გაუმჯობესების მიმართულებით",- აცხადებს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი.

რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:

IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები