ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში RIA რეფორმა შეაფასა. სამთავრობო კვლევის შედეგები პროგრესს აჩვენებს, თუმცა კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, ეს პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. წინა წლებისგან განსხვავებით, შემცირებულია მომზადებული RIA-ს დოკუმენტების რაოდენობა.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, თუ 2015-2019 წლებში ეს პროგრესი 62,5% იყო, პროექტის ახალ ეტაპზე, რაც 2021-2024 წლებს მოიცავს, სამთავრობო კვლევის შედეგებით, ეს პროგრესი 70%-ით არის შეფასებული. მკვლევარების თქმით, პროგრესი არის, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამაზე მეტყველებს RIA-ს ანგარიშების რაოდენობაც. თუ 2021-2022 წლებში 12-12 შეფასების დოკუმენტი მომზადდა, 2023 წელს ეს რაოდენობა 3-მდე შემცირდა, წელს კი 1 RIA-ს დოკუმენტი არსებობს, 4-ზე კი მუშაობა მიმდინარეობს. 2010-წლიდან დღემდე ჩატარებული შეფასების დიდი ნაწილი [59] სახელმწიფო უწყების ავტორობით განხორციელდა.
“პროგრესი ნელია. ჩვენ გვაქვს 2020 წლიდან მეთოდოლოგია რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ 20 დასახელებულ კანონზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების შემთხვევაში RIA არის სავალდებულო.
ჩვენი მონიტორინგით 2022 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით არ ყოფილა ისეთი ცვლილება მთავრობის მიერ წარმოდგენილი, რომელიც მიემართებოდა ამ 20 კანონს და თან ახლდა RIA. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეთოდოლოგიის ეფექტიანობა შედარებით დაბალია ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ RIA-ები არ მზადდება. RIA-ები მზადდება, თუმცა არა იმ 20 კანონზე, რომლებზეც სავალდებულოობა არის განსაზღვრული მეთოდოლოგიით, თუმცა RIA-ის შემუშავების ტემპი შემცირებულია ბოლო წლების განმავლობაში“,- აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლევან თევდორაძე.
მიზეზი, რის გამოც პროგრესი ნელი ტემპით მიდის, ანგარიშის ავტორების შეფასებით, რამდენიმე შეიძლება იყოს, მთავარი საჯარო მოხელეების დაბალი კომპეტენციაა. ამაზე საუბრობენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამბობს, ამაზე საპასუხოდ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა ახალი თუ არსებული მოხელეებისთვის, შესაბამისი საბაზისო კურსის გავლა სავალდებულო გახდეს.
„საქართველოში 4 წელია, რაც RIA გახდა სავალდებულო, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით: არის საკანონმდებლო ბაზა, არის შესაბამისი სახელმძღვანელოები, გადამზადებულია ასობით საჯარო მოხელე და რეალურად ჩვენ გვაქვს უფრო მეტი მოლოდინი, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს მეტ ნაკლებად არც ისე კარგი შედეგი იმ მხრივ, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივაზე არ მზადდება RIA, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაც მოგვარდება უახლოეს 2-3 წელიწადში და ჩვენ გვექნება უფრო ფართო მოცვა საკანონმდებლო პროექტების“, - აცხადებს თეა ლოლაძე, ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
„იმისთვის, რომ ეს სისტემა იყოს მდგრადი და განვითარებადი პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად განისაზღვრა რეგულირების გავლენის შეფასების საბაზისო კურსის გავლა, რომელიც იქნება სავალდებულო როგორც ახალი მოხელეებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სწორედ რეგულირების გავლენასთან“, - აცხადებს ვახტანგ ბაჩიაშვილი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
"რეფორმეტრის" ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით, ბოლო 13 წლის განმავლობაში შემუშავებული RIA-ს დოკუმენტებიდან ყველაზე მეტი რაოდენობა [13] ენერგეტიკის მიმართულებით, 10 გარემოს დაცვის, 9 კი შრომის ბაზარზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების დროს მომზადდა.