მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროსერვისი" კიბერშეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

5db9a44fed930
BM.GE
30.10.19 18:43
1377
კომპანია "პროსერვისი" 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დრომდე უცნობია იმ ვებგვერდების რაოდენობა, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, ხოლო მათ 28 ოქტომბერს გათიშვის გამო, 300-მდე ვებგვერდის ხელმძღვანელი დაუკავშირდა. 

"28 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თავდასხმის ობიექტი კომპანია „პროსერვისის" მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის" სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების ნაწილი.

პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა", შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშოები, ხოლო 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე ყველა პრობლემური ვებგვერდი უკვე თავდაპირველ ფუნქციონალს დაუბრუნდა.

სხვადასხვა არხებით ვრცელდებოდა ინფორმაცია დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობაზე. კომპანია „პროსერვისი" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ზუსტად თუ რა რაოდენობის ვებგვერდი იყო თავდასხმის ობიექტი საქართველოს მასშტაბით უცნობია, თუმცა კომპანიაში 300 - მდე ვებგვერდის მფლობელის მომართვიანობა მოხდა კიბერ თავდასხმის პირველივე საათებში. ზუსტად, თუ რამდენი ვებგვერდის პარალიზება მოხდა ზოგადად, ამ დრომდე უცნობია. კომპანია „პროსერვისი" აცხადებს, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები მიმდინარე ანალიზისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში. 

28 ოქტომბერს ჰაკერებმა დაბლოკილი ვებგვერდების საწყის გვერდზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ატვირთეს, წარწერით  "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). 

თავდასხმის სამიზნე გახდნენ ტელეკომპანიები "მაესტრო" და "იმედი", დაიბლოკა ტვ "პირველის" ვებგვერდიც, ასევე გაითიშა საერთო სასამართლოების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკრებულოების, უნივერსიტეტებისა და სხვა დაწესებულებების ვებგვერდები და ელექტრონული სისტემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები