ცხრა თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4 მლნ ლარით შემცირდა და 31,9 მლნ შეადგინა. საანგარიშო პერიოდში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაუარესებული მაჩვენებელია.
ამის მიუხედავად "PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სადაზღვევო პროდუქტებზე ფასების გაზრდა დღის წესრიგში არ დგას. დამძიმებული ეპიდვითარების და ზამთრის სეზონურობის გათვალისწინებით PSP-ში პროგნოზირებენ, რომ წელი სექტორისთვის კიდევ უფრო დიდი ზარალით დასრულდება.
“სამწუხაროდ დაზღვევის ბაზარი ზრდის ტენდენციით არ გამოირჩევა. ძალიან არასახარბიელო სტატისტიკა გვაქვს მოგების და კიდევ უფრო არასახარბიელო ზარალიანობის ზრდის კუთხით, რაც ინფლაციასთან არის კავშირში. სამედიცინო მიმართულება რომ ავიღოთ, იცით, რომ სამედიცინო სერვისებს ყიდულობს სადაზღვევო ინდუსტრია, რომელზეც ინფლაციის პროცესები მნიშვნელოვნად მოქმედებს. სამედიცინო დაზღვევის ზარალიანობაზე ასევე მოქმედებს ორი პარამეტრი, ეს არის უტილიზაციის ზრდა და სამედიცინო სერვისების თავისებურებებში ცვლილებები. უტილიზაცია გაზრდილია კოვიდ პანდემიის რისკებიდან გამომდინარე და თავისებურებებიც, მოთხოვნა სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
მიუხედავად ინფლაციური პროცესებისა, პროდუქტის ფასები არ იზრდება. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს კონკურენტუნარიანობა, მაგრამ მეორე მხრივ ისიც, რომ ჩვენ სადაზღვევო კომპანიები მრავალწლიან პარტნიორებს ვუფრთხილდებით და სადაზღვევო პრემიების ზრდას არ ვახორციელებთ ისე, როგორც ამას ბიზნესს პროცესი მოითხოვს. დიდად აღფრთოვანებულები ვერ ვიქნებით 9 თვის მონაცემებით, ვერც იმით რომ ზრდის ტენდენცია არის მნიშვნელოვნად დიდი, ნამდვილად უფრო მეტი პოტენციალი აქვს ბაზარს. აქ აღარ არის საუბარი ახალი პროდუქტების შექმნაზე.
წლის ბოლოსთვის ინფლაციური მაჩვენებლების დაკვირვებას თუ გავაკეთებთ უფრო ნეგატიური სცენარისკენ მივდივართ, ამას ემატება ეპიდსურათის დამძიმება და ვაქცინაციის მოცვის დაბალი მაჩვენებელი, რაც ასევე გავლენას ახდენს სამედიცინო ზარალების ნაწილზე. ასევე პრობლემაა სეზონურობა, იმიტომ რომ სეზონური ვირუსების ნაწილიც შემოდის. ამიტომ მეოთხე კვარტალში ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ვპროგნოზირებთ, რომ უფრო მძიმე იქნება ინდუსტრიისთვის, ვიდრე გასული 9 თვე. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს დადებითი პროგნოზების გაკეთების საშუალება არ გვაქვს.“ - აცხადებს "PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.