პუერტო-რიკოს მოსახლეობამ ისტორიულ რეფერენდუმში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი.
გუბერნატორის არჩევნებში, რომელიც კუნძულზე 3 ნოემბერს გაიმართა, ხმათა უმრავლესობა პუერტო-რიკოს სახელმწიფოებრიობის მომხრე ახალმა პროგრესულმა პარტიამ, ჯენიფერ გონსალესის ხელმძღვანელობით მოიპოვა.
საარჩევნო უბნების 91%-ის დათვლის შემდეგ, გონსალესს ხმათა 39% ჰქონდა, მის მთავარ ოპონენტს, რომელიც პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერია - 33%. ოფიციალური გამარჯვებული გამოცხადებული ჯერ არ არის, რადგან უბნების 8.25% კვლავ დასათვლელია, თუმცა 6 ნოემბრის მონაცემებით, ახალ პროგრესულ პარტიას 438 183 ხმა აქვს.
3 ნოემბერს კუნძულის მოსახლეობამ პუერტო-რიკოს პოლიტიკური სტატუსის შესახებ რეფერენდუმშიც მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრაში მონაწილეობა არასავალდებულო იყო, მონაწილეებს კი სამ სტატუს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი:
- სახელმწიფოებრიობა (აშშ-ის ოფიციალურ შტატად ქცევა)
- დამოუკიდებლობა
- დამოუკიდებლობა, აშშ-სთან ასოცირებით
პლებისციტში პუერტო-რიკოს მოქალაქეთა უმრავლესობამ - 57%-მა, მხარი აშშ-ს შტატად ქცევას დაუჭირა. შესაბამისად, ექვსი რეფერენდუმის შემდეგ პირველად, დამოუკიდებლობის მომხრე ამომრჩეველთა ხმა უმცირესობაში 31%-ით მოხვდა, გაფართოებულ ავტონომიას კი მხარი 12%-მა დაუჭირა.
რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, პუერტო-რიკოს პოლიტიკური სტატუსის შეცვლა აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
პუერტო-რიკოში აშშ-ის საპატიო საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა. მართალია, მათ ხმას არჩევნებში წონა არ აქვს, თუმცა ამომრჩეველთა 73.64%-მა მხარი დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუჭირა.
პუერტო-რიკოს სტატუსის შესახებ რეფერენდუმი 2020 წელსაც ჩატარდა, მაშინ კითხვაზე "უნდა მიიღონ თუ არა პუერტო-რიკო ამერიკის შტატად დაუყოვნებლივ?" ამომრჩეველთა 52.52%-მა უპასუხა "დიახ", თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ რეფერენდუმი არ ცნო.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს პუერტო-რიკოს თვითგამორკვევის პოლიტიკას უჭერს, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ მისი ვადის ამოწურვამდე კონგრესში კუნძულის შტატად ქცევის საკითხს დააყენებენ.
პუერტო-რიკო კარიბის ზღვის ჩრდილოეთით, "ამერიკის შეერთებულ შტატებში არაგაერთიანებული ტერიტორიაა", რომელზეც აშშ-ის კონსტიტუცია პირდაპირ არ ვრცელდება. პუერტო-რიკოს მოქალაქეები აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ზოგიერთი "ფუნდამენტური უფლებით" სარგებლობენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი, მაგალითად, არჩევნებში ხმის უფლება, ჯანდაცვა და სხვ. შეზღუდული აქვთ. ამასთან, პუერტო-რიკოს ზოგიერთი რეზიდენტი საშემოსავლო გადასახადებს აშშ-ის ბიუჯეტში იხდის, თუმცა ყველა - არა. პუერტო-რიკოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ აშშ-ის კონგრესში საკუთარი წარმომადგენლის და სენატორის არჩევაც.
ასევე, პუერტო-რიკოს მოსახლეობას ოფიციალურად აშშ-ის მოქალაქის სტატუსი და პასპორტი აქვთ. კუნძულს შტატებთან საერთო ვალუტაც აკავშირებს.