ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა ადამიანი, რომელიც არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტის როლს მოირგებს. თუკი ნოემბერში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ამ ფრიად მნიშვნელოვან თანამდებობას შტატ ოჰაიოს ახალგაზრდა რესპუბლიკელი სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი, იგივე ჯეიდი ვენსი დაიკავებს, რომელიც პირველი მილენიალი გახდა, რომელმაც ეს ნომინაცია მიიღო.
დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი 39 წლისაა, რაც ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია. ჯეიდი ვენსის პოლიტიკური კარიერა ოფიციალურად შარშან დაიწყო, როცა ის ოჰაიოს სენატორად აირჩიეს. განათლებით, ჯეიდი ვენსი იურისტია, თანაც “იელის უნივერსიტეტი” აქვს დამთავრებული, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად არის მიჩნეული და ამერიკაში უბადლო რეპუტაციით სარგებლობს. თუმცა ვენსის პროფესიული კარიერის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი - ჯარს უკავშირდება. 2003-2007 წლებში, ჯეიდი ვენსი ქვეყნის საზღვაო ძალებში მსახურობდა და ერაყის სამხედრო მისიაშიც ირიცხებოდა, როგორც სამხედრო კორესპონდენტი. სამხედრო სამსახური ვენსმა კაპრალის სამხედრო წოდებით დაასრულა. მოგვიანებით, ჯეიდი ვენსმა ბედი სილიკონის ველზეც სცადა და პიტერ ტილის ვენჩურულ ფონდში, Mithril Capital-ში დასაქმდა.
თუმცა სახელი ჯეიდი ვენსმა გაითქვა არა მისი იურიდიული საქმიანობით ან სამხედრო კარიერით, არამედ ავტობიოგრაფიული წიგნით, რომელიც 2016 წელს გამოსცა. “ჰილბილის ელეგია” - ასე ეწოდება მემუარს, რომელშიც ჯეიდი ვენსმა “ჟანგის სარტყელად” წოდებულ ამერიკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში გატარებული ბავშვობა აღწერა. ჯეიდი ვენსის ავტობიოგრაფიას მკითხველმა ალღო მალევე აუღო, ხოლო წიგნი The New York Times-ის ბესტსელერი გახდა და ჯეიდი ვენსს სახელი მთელ ქვეყანაში გაუთქვა. მოგვიანებით, Netflix-მა წიგნზე დაყრდნობით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მაგრამ წიგნი უფრო პოპულარული აღმოჩნდა.
ჯეიდი ვენსის მემუარის პოპულარობას რამდენიმე ახსნა აქვს, მაგრამ მთავარი იმ გარემოს უკავშირდება, სადაც ეს ადამიანი გაიზარდა. “ჟანგის სარტყელი” - ასე უწოდებენ ამერიკელები იმ რამდენიმე შტატს, რომელთაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვხვდებით. ჯეიდი ვენსის მშობლიური ოჰაიო, ისევე, როგორც პენსილვანია, აღმოსავლეთ ვირჯინია, ინდიანა და ილინოისი, როგორც იცით, ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ინდუსტრიულ დასაყრდენად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით, მსხვილი ბიზნესი ამ შტატებიდან გავიდა, ხოლო ქარხნები უფუნქციოდ დარჩა - სწორედ აქედან მოდის სახელწოდება “ჟანგის სარტყელი”.
თუმცა ინდუსტრიული დუღილის გაჩერებით ფუნქცია დაკარგეს არამხოლოდ ქარხნებმა, არამედ ადამიანებმა, რომლებიც იქ მუშაობდნენ. შედეგად, ამ შტატებში თავი უმუშევრობამ, სიღარიბემ, უთანასწორობამ და სხვა სოციალურმა პრობლემებმა იჩინა, ცხოვრების დონე შემცირდა, ხოლო მოსახლეობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. ამ ტენდენციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი დეტროიტია - ქალაქი, სადაც 1950-იან წლებში 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა რაოდენობა 2020 წლისთვის 639,000-მდე შემცირდა, ანუ ქალაქი 65%-ით დაცარიელდა.
რატომ დაასახელა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მაინცდამაინც ჯეიდი ვენსი? იმისთვის, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ჭადრაკში უკეთესად გავერკვეთ, უნდა გვესმოდეს - რას წარმოადგენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი?
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, პირველ რიგში, სენატის თავმჯდომარეობას ნიშნავს და ეს როლი ხმის მიცემასაც გულისხმობს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სენატორების აზრები თანაბრად არის გამოყოფილი. ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფალთა თანრიგში მეორე ადგილს იკავებს და ქვეყნის დე ფაქტო მმართველის როლის მორგებაც შეუძლია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მის მოვალეობას ვერ ასრულებს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ პერსონად ითვლება, რომელიც პრეზიდენტის მარჯვენა ხელისა და მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ხელფასი წელიწადში $261,400-ია, მაგრამ ანაზღაურებასთან ერთად, ქვეყნის მეორე პირი დაზღვევას, საპენსიო დანაზოგს და სამთავრობო რეზიდენციაში ცხოვრების უფლებას იღებს.
რატომ დაასახელა დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიდი ვენსი?
ამ კითხვის პასუხს, პირველ რიგში, ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკოსის წარმომავლობაში უნდა ვეძებოთ, რადგან “ჟანგის სარტყლის” შტატები ქვეყანაში ყველაზე არაპროგნოზირებადი ამომრჩევლით არის დაკომპლექტებული. ამ შტატებს, ხშირად, ე.წ. “სვინგ შტატებს” უწოდებენ, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეები ხან დემოკრატებს უჭერენ მხარს, ხანაც რესპუბლიკელებს და რეალურად, საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც წესი, ის კანდიდატი იგებს, რომელიც “სვინგ შტატების” ნდობას მოიპოვებს.
ამ მიდგომას თავად დონალდ ტრამპიც ადასტურებს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯეიდი ვენსი პენსილვანიაში, მიჩიგანში, ვისკონსინში, ოჰაიოში, მინესოტაში და სხვა მსგავს შტატებში მცხოვრები ადამიანების უფლებებს დაიცავს. ამ შტატებში მცხოვრებ ადამიანებს თავისებური დემოგრაფია აქვთ: ისინი უმეტესწილად თეთრკანიანები, ღრმად რელიგიურები და სოციალურად კონსერვატორები არიან, ამერიკის შეერთებული შტატები უყვართ და ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ კონსტიტუციით გარანტირებულ რამდენიმე თავისუფლებას, მათ შორის იარაღის ტარების უფლებას. ეს ის დემოგრაფიაა, რომელმაც დონალდ ტრამპი 2016 წელს პრეზიდენტად აქცია და ამ მიდგომას, როგორც ჩანს, ის არც 2024 წელს უღალატებს.
თუმცა ჯეიდი ვენსის შემთხვევაში კიდევ ერთი დეტალი უნდა მიმოვიხილოთ, რომელიც დონალდ ტრამპთან მისი მსგავსებაა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჯეიდი ვენსი, მართალია, დონალდ ტრამპის დიდი კრიტიკოსი იყო, მაგრამ მას შემდეგ მილიარდერის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ჯეიდი ვენსს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნების, მისი შეფასებით, არასამართლიანი იყო. ამასთან, ჯეიდი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ადგილას რომ ყოფილიყო, კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების რატიფიცირების დაბლოკვას შეეცდებოდა.
საბოლოო ჯამში, დონალდ ტრამპი და ჯეიდი ვენსი ერთმანეთს ბევრი პარამეტრით ჰგვანან, ხოლო ფუნდამენტურ ღირებულებებს სრულად იზიარებენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო პარტნიორად ჯეიდი ვენსის არჩევაში გადამწყვეტი როლი, სავარაუდოდ, სწორედ ამ მსგავსებამ ითამაშა.