ყველაზე მეტი მილიარდერი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, რაც გასაგებიცაა, რადგან ანტრეპრენიორული კულტურა ყველაზე კარგად სწორედ ამ ქვეყანაში არის განვითარებული. თუმცა ანტრეპრენიორებთან და ბიზნესმენებთან ერთად, საზოგადოებრივი დოვლათის შექმნა და ამ გზით გამდიდრება ამერიკელ პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ, თანაც ლეგალურად, რადგან ამერიკული საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ. ამერიკელი კანონმდებლები, მაგალითად, წლიურად $200,000-მდე გამოიმუშავებენ ხელფასის სახით, როცა მდივნების, ანუ მინისტრების წლიური ანაზღაურება უფრო მაღალია და $250,000-ის ფარგლებში მერყეობს. საინტერესოა, რომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის წლიური ანაზღაურება $290,000 დოლარია.
მაშ, ისმის კითხვა - რამდენს გამოიმუშავებს ადამიანი, რომლის სამსახური მსოფლიოში ყველაზე რთულ საქმედ ითვლება? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წლიური ხელფასი $400,000-ია, რაც არაფერია, თუ გავიხსენებთ, რამდენს გამოიმუშავებენ წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბანკების ხელმძღვანელები, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი - საჯარო თანამდებობის პირია, შესაბამისად მისი ანაზღაურება კომერციულ საქმიანობას არ ეფუძნება, ანუ უსასრულოდ ვერ გაიზრდება. გარდა ამისა, ცხადია, პრეზიდენტს სხვა ტიპის შემოსავლის მიღება შეუძლია, მათ შორის უძრავი ქონების ქირის.
2023 წლის მონაცემებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, ჯამში, $620,000 გამოიმუშავეს, რაც 7%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. თავად ეს ფაქტი კი, ბაიდენების ოჯახის საკუთრებაში არსებული და გაქირავებული უძრავი ქონების ფასის მატებითაა განპირობებული. ამასთან, წყვილი ფულს პენსიით და სახელმწიფო დაზღვევით, ჯილ ბაიდენის ლექტორობითა და ავტორობით გამოიმუშავებს. ამასთან, ბაიდენების ოჯახი, ცხადია, გადასახადებს იხდის, რაზედაც 2023 წელს $147,000 დახარჯეს. თუმცა ეს რიცხვი მაინც არაფერია იმასთან შედარებით, თუ რას გამოიმუშავებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ყველაზე მდიდარი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია. საინტერესოა, რომ ჯო და ჯილ ბაიდენების წლიური შემოსავალი დაახლოებით იმდენივეს უდრის, რასაც უოლ-სტრიტზე მდებარე “ტრამპ-თაუერის” ერთი ოფისის გაქირავებით იღებს.
მაშ, რა ქონებას ფლობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი? ამერიკული Forbes-ის დათვლებით, პრეზიდენტის ქონება მხოლოდ და მხოლოდ ათი მილიონი დოლარია. გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში გადმობარგების შემდეგ, ჯო ბაიდენის ქონება ორი მილიონი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ეს მატება უკავშირდება არა ბაიდენების საოჯახო ბიზნესს, რომელსაც ოჯახი ამერიკის საზღვრებს გარეთ მართავს, არამედ ქვეყნის შიგნით უძრავი ქონების გაძვირებას. ჯო ბაიდენი შტატ დელავერში მდებარე ორ სახლს ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულება, დღეს, შვიდ მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მილიონ 800 ათასი დოლარით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს.
ჯო ბაიდენის ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება რეჰობოტ-ბიჩში მდებარე 445 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საზაფხულო სახლია, რომელიც 4.5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ბაიდენმა ეს სახლი 2017 წელს შეიძინა, როცა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და რამდენიმე წელი საჯარო ლექციებს ატარებდა და წიგნებს წერდა, რითაც 11 მილიონ 100 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგვიანებით, ბაიდენმა ამ სახლში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა და მას 75 ათასად შეფასებული აუზი შემატა.
ქალაქ უილმინგტონის გრინვილის უბანში, პრეზიდენტი ბაიდენი კიდევ უფრო დიდ, მაგრამ ნაკლებად ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. 636 კვადრატული მეტრის ფართობის ეს სახლი ბაიდენმა თავად ააშენა, ჯერ კიდევ 1998 წელს და მოგვიანებით, მას 176 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯი შემატა. თავად მიწა, რომელზედაც აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს, ჯო ბაიდენმა 1996 წელს, 350 ათასად შეიძინა. დღეს, ეს სახლი 2.5 მილიონადაა შეფასებული, რაც 700 ათას დოლარით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ბაიდენი პრეზიდენტი გახდა.
უძრავი ქონების გარდა, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ძვირად ღირებულ ნივთებსაც ფლობს - ერთ-ერთი მათგანი 1967 წლის Corvette Stingray-ია, რომელიც, ჯო ბაიდენმა მამისისგან საჩუქრად მიიღო. თუ გამოშვების დროს, ეს ავტომობილი 5,600 დოლარი ღირდა, ანუ დღევანდელი კურსით 52 ათასი დოლარი, დღეს კი, ეს კონკრეტული ავტომობილი, რომელსაც ბაიდენი ჯერ კიდევ ფლობს, 100 ათას დოლარადაა შეფასებული.
კიდევ ერთი სახლი, რომელსაც ჯო ბაიდენი დელავერის შტატში ფლობს, თავის დროზე, დუპონების წარჩინებულ ოჯახს ეკუთვნოდა. ეს სწორედ ის სახლია, რომლის გარშემო, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, რადგან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი, ერიკ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბაიდენმა ეს სახლი ქრთამის სახით მიიღო. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ სახლის შესაძენად, ჯო ბაიდენმა სესხი ჯერ კიდევ მაშინ აიღო, როცა სენატორი იყო და წელიწადში 43 ათას დოლარს გამოიმუშავებდა - იმ დროს, ამ სახლში ბაიდენმა 185 ათასი დოლარი გადაიხადა, მაგრამ მოგვიანებით, ის მილიონ 200 ათას დოლარად გაყიდა.
ქონების უდიდესი ნაწილი ჯო ბაიდენმა მას შემდეგ დააგროვა, რაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტობიდან გადადგა. 2017 წელს, ამ თანხამ 11 მილიონს გადააჭარბა, 2018 წელს კი - 4 მილიონ 600 ათასი შეადგინა. მომდევნო წლებში, ბაიდენის შემოსავალმა მკვეთრად იკლო და 2019 წელს მილიონი დოლარი შეადგინა, 2020-ში კი, სულ რაღაც 630 ათასი.
მოკლედ, თუ ქონების შეფასებით ჯო ბაიდენი საშუალოსტატისტიკურ პრეზიდენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, იმავეს ვერ ვიტყვით მის პირდაპირ კონკურენტზე. დონალდ ტრამპის ქონებას ამერიკული Forbes-ი $4.7 მილიარდად აფასებს და ამ მაჩვენებლით, ის უდავოდ ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელსაც ოდესმე დაუკავებია აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი.