მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის მცხობელთა რეკომენდაცია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს

642e8f9c8c979
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 13:31
498
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ახალ შეთავაზებას აკრიტიკებს, სადაც ასოციაცია ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტის - 7000 ტონით განსაზღვრის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ ამ რაოდენობაზე რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადი არ უნდა დაწესდეს. იმპორტის დანარჩენ მოცულობაზე კი ქვეყანამ, რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის ბაჟის საპასუხოდ დამაბალანსებელი გადასახადი უნდა დააწესოს.

მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ ახალი შეთავაზებით დარგში რთული მდგომარეობა შეიქმნება.

„საერთო მხარს ვუჭერ იმას, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ფქვილის წარმოებას ვუჭერ მხარს, რადგან ქვეყანაში დაუბეგრავი რუსული ფქვილი დიდი მოცულობებით შემოდის. მიმაჩნია, რომ ახალი შეთავაზებით ცოტა რთული მდგომარეობა შეიქმნება, რადგან ქვეყანაში მცირე წარმოებებიც მოქმედებს, მათ შორის საოჯახო. როცა ქვეყანაში ფქვილის სუბსიდირება ხდებოდა, ამ პროცესში 75 ორგანიზაცია იყო ჩართული, მაგრამ ქვეყანაში აღრიცხულია 2 500 ობიექტი, რომელიც პურპროდუქტების წარმოებას ეწევა და ისინი გარკვეულწილად გულდაწყვეტილები იყვნენ. ამაზე საფიქრალია და შესწავლა უნდა“, - ამბობს დოლიძე.

ის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს ურჩევს მთავრობას გადასახადების შემცირების მოთხოვნით მიმართონ.

„მინდა წისქვილკომბინატებს შევთავაზო - დააყენონ საკითხი დაბეგვრის სისტემასთან დაკავშირებით. კვების პროდუქტების გამომშვები ორგანიზაციაა და დაიბეგრონ 10%-ით. დააყენონ საკითხი ელექტროენერგიის ტარიფებზე, წყლის ტარიფზე, რომელის საქართველოში 6.5 ლარია - ეს ხომ საკმაოდ მაღალი ტარიფია, ბუნებრივი აირის ტარიფზე... ეს ყველაფერი ფოკუსირდება ფასებში. სატრანსპორტო ხარჯებიც ძალიან მაღალია საქართველოში, მთელი რიგი მომენტებია, რომელიც საერთოდ არ გაუვლიათ. ხორბლის გადამუშავების ხარჯი ძალიან მაღალია, სხვა ქვეყნებში ასე არ არის. უნდა დავითვალოთ ყველაფერი და ისე უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები