მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურისა და ცხოველთა საკვების მწარმოებელთა გამოწვევები - რა საკითხებზე აპირებენ საუბარს ამერიკელებთან?

63ce64e434406
ვიქტორია მღებრიშვილი
23.01.23 15:10
837
ხორბლის მწარმოებლებისთვის და გადამამუშავებლებისთვის გასული - 2022 წელი დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც გაზაფხულზე ხორბლის იმპორტი მინიმუმამდე დავიდა, ფქვილის - გაიზარდა და ქვეყანაში მოქმედმა მსხვილმა და მცირე წისქვილკომბინატებმა, გარკვეული დროით, ოპერირება შეაჩერეს. მათი უმრავლესობა რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე გადავიდა. მიზეზი საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის საექსპორტო ბაჟის დაწესება და ეტაპობრივად მისი გაზრდა იყო, რაც ხორბალს აძვირებდა და ფქვილთან შედარებით (რომელზეც ნულოვანი ბაჟი იყო) მის შეძენას არარენტაბელურს ხდიდა. შექმნილი მდგომარეობის გამო, ხორბლის და ფქვილის გადამმუშავებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მეცხოველეობის სექტორისთვის საკვების მწარმოებლებიც ზარალდებოდნენ, რადგან მარცვლეულის შემცირებულმა იმპორტმა ცხოველთა საკვების წარმოებაზე იქონია გავლენა. ხორბლის მწარმოებლები მთავარობას ხელშეწყობას სთხოვდნენ. იმ დროისთვის ხელისუფლებამ დარგის განვითარების სუბსიდირებაზე უარი თქვა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი განაცხადა, რომ უწყება კერძო სექტორთან კოორდინაციით მარცვლეულის წარმოების 15-დან 50%-მდე გაზრდის პროგრამაზე მუშაობდა.

ხოლო 2022 წლის ზაფხულისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს ხორბლის სექტორს შეისწავლიდა, რაც პროგრამის განხორციელებისთვის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას გააჩენდა. ამერიკული მხარის პირველი ვიზიტი გასულ წელს შედგა, მიმდინარე კვირაში კი საქართველოს ამერიკელი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც მარცვლეულის წარმოების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან გამართავენ შეხვედრებს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ BM.GE-სთან აღნიშნა, რომ ის იმ გამოწვევებზე საუბარს აპირებს, რომლის წინაშეც დარგი დგას, კერძოდ, წისქვილკომბინატების არასტაბილურ მუშაობაზე, რაც ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტის ხორბლის იმპორტით ჩანაცვლებას მოჰყვა.


BM.GE დაგეგმილ შეხვედრებზე განსახილველი საკითხების შესახებ დეტალების გასარკვევად საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძეს და ცხოველთა საკვების მწარმოებელ კომპანია „ინვეტის“ დამფუძნებელ დავით შალამბერიძესაც დაუკავშირდა. დარგის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამერიკაში მოქმედი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები მათთან შეხვედრას 25 იანვარს გეგმავენ, თუმცა კონკრეტულად რა საკითხებით დაინტერესდებიან, არ იციან.

ხოლო კითხვაზე - რა საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას თავად ადგილობრივი მწარმოებლები, მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ პურის მწარმოებლებისთვის მთავარ გამოწვევას ადგილობრივი ფქვილის ხარისხი წარმოადგენს. მისივე თქმით, მან ამერიკის წარმომადგენლობას ადგილობრივი პურის მწარმოებელთა საკონტაქტოები გადასცა, რომელსაც ისინი ვიზიტისას მოინახულებენ.

„მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, საქართველოში ხორბლის წარმოებაა გასაძლიერებელი. რადგან ჩვენ ხორბლის მოყვანაში ყველაზე სუსტები ვართ. საქართველოს დაახლოებით 800 000 ტონა ხორბალი სჭირდება, ჩვენ კი 150 000 ტონა ვაწარმოებთ, დანარჩენი ნაწილი შემოგვაქვს. კარგი იქნება თუ საქართველოში ხორბლის მეურნეობა „ლომთაგორასთან“ ითანამშრომლებენ. არსებობს მსოფლიოში ხორბლის კალიბრაციის დანადგარები, რომლებიც არჩევენ ხორბალს და შემდეგ ეს გადარჩეული ხორბალი ითესება.

რაც შეეხება ხორბლის პურს, ქვეყანაში ხორბლის პურს 2 500 იურიდიული პირი აწარმოებს. საქართველოში იყო ასეთი ფქვილის მიწოდების პროგრესული ფორმა - მანქანებით მიწოდება, რაც მოისპო. ფქვილის მიწოდების ეს ფორმა უნდა აღდგეს. ამ დროს ფქვილის ხარისხის გასინჯვაც ადვილია, რადგან ქვეყანაში ადგილობრივი ფქვილის სტაბილიზაცია დიდი გამოწვევაა. საქართველოში ფქვილის შესაბამისობის სერტიფიკატები არ არსებობს, სადაც მეწარმე ამოიკითხავს როგორია ფქვილის სინესტე, ხარისხი, პურის ცხობის სერტიფიკატები - აი, ამ საკითხებზე გავაკეთებ აქცენტებს და, რა თქმა უნდა, იმაზე, რაც მათი ინეტერესი იქნება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია „ინვეტის“ დამფუძნებელი დავით შალამბერიძე კი ამბობს, რომ დარგისთვის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულის შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ნედლეულის სტაბილური ბაზარი გვესაჭიროება. სანამ ჩვენ რუსეთზე ვიქნებით დამოკიდებული, ეს სფერო არასტაბილური იქნება. ცხოველთა კვება სხვადასხვა მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს. დღეისთვის ცხოველთა კვების წარმოებაში ადგილობრივი მარცვლეულის წილი მაქსიმუმ 15%-ია, დანარჩენი იმპორტირებული პროდუქტია. ამასთან, რუსეთს მარცვლეულზე მცოცავი ბაჟი აქვს დაწესებული, რაც პროდუქტის ექსპორტს აძვირებს. გარდა იმისა რომ რიგ შემთხვევაში საქონელი დეფიციტური ხდება, ისე როგორც გასულ წელს გვქონდა ამის გამოწვევები, ფასი მცურავი ბაჟის გამო არასტაბილურია, რაც საბოლოო პროდუქტზე აისახება“, - განმარტა შალამბერიძემ.

ის მიესალმება ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდის პროგრამას და ამბობს, რომ ამაზე მუშაობა ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს.

„დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება და მარცვლეულის მოყვანა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მარცვლეულის ჭარბი რაოდენობა იქნება, ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი მეცხოველეობის ფერმერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას კი არ შევძლებთ, არამედ ცხოველების საკვებს ექსპორტზეც გავიტანთ, ამ მხრივ მოთხოვნა სომხეთიდან დიდია. იმ შემთხვევაში თუ ამ პროგრამაზე მუშაობა აქტიურად წარიმართება, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ“, - აღნიშნა „ინვეტის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები