ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა და ის "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
უილსონი, საქართველოს შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია: "ქართული კოშმარის არაღიარებისა" და "მეგობარი" აქტების, რომლებიც განახლებული შემადგენლობით შეკრებილ კონგრესში უკვე წარდგენილია.
მან ინტერვიუში ისაუბრა "ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე", რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოყენებულის მსგავსია.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა, რომ ამ აქტის წარდგენის აუცილებლობა არსებობდა და რატომ იყენებთ სირიის მაგალითს, კონგრესმენმა აშშ-ის არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.
"პრეზიდენტ რონალდ რეიგანისეული სულისკვეთებით, ჩვენ გვსურს მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და არა - გლობალური ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და რა თქმა უნდა, ამის ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
უკვე წლებია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების [პოლიტიკა] აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით.
ძალიან მადლობელი, ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ კენჭი უყარა იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის ისევ უკრაინის ნაწილია. სწორედ ეს იყო ომის დამნაშავე პუტინის ტერიტორიული შეჭრის არაღიარება. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის". ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად ვმუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია, ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის დამნაშავე პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი.
ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის - მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის, იმ ჩაგვრის თავიდან დაწყება სურთ.... ჩემთვის წარმოუდგენელია რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს [საქართველოსთვის], ისევე როგორც უკრაინისთვის. მათ [რუსეთმა] უკვე წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს [მსგავსი პროცესები] გამუდმებით ხდება. ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა და ის "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს.
თუმცა, ბოლო რამდენიმე თვე შესანიშნავი იყო. ომის დამნაშავე პუტინი წარუმატებელი აღმოჩნდა მოლდოვის არჩევნებში და პროდასავლურმა, პროევროპულმა მთავრობამ გაიმარჯვა. რუმინეთში კი პუტინის მცდელობა, რომ ჩარეულიყო მათ არჩევნებში, უარყოფილია და ახლა მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ექნებათ. ასევე დაემხო ასადის დიქტატურა. გარდა ამისა, მამაცი უკრაინელი ხალხი ბრძოლას აგრძელებს. ომის დამნაშავე პუტინმა თავის ჯარისკაცებს 2022 წლის 24 თებერვალს უბრძანა [სააღლუმო] უნიფორმები ჩაეცვათ ომის დაწყებისას, რადგან მათ ზეიმით, გმირულად მიიღებდნენ, რაც რა თქმა უნდა არ მოხდა. უკრაინელი ხალხი მტკიცედ დადგა ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ.
ასე რომ, ისევ და ისევ, გზავნილი ნათელია: ისტორიულად, შეერთებულმა შტატებმა, არაღიარების გზით, დადებითი გავლენა მოახდინა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბოლოო განთავისუფლებაზე, ახლა კი სირიელი ხალხის თავისუფლებაზე.
ეს [არაღიარების აქტის წარდგენა] არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იქნება ორპარტიული. ნამდვილად მოუთმენლად ველი, ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობას, რათა საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების [მოთხოვნაში] და არ უნდა მოხდეს [მთავრობის] აღიარება იქამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება",- განაცხადა უილსონმა.
ამასთან, კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი კანონპროექტს ხელს მოაწერს.
"დონალდ ტრამპი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულია. მჯერა, რომ ის რონალდ რეიგანის მემკვიდრეა და გააგრძელებს მის იდეას, რაც მშვიდობის სიძლიერის მეშვეობით დამყარებაა და ის ამაზე თითქმის ყოველდღიურად მიანიშნებს",- აღნიშნა უილსონმა.