მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინი წერილობით პირობას ითხოვს, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას NATO-ში არ შეიყვანენ - Reuters

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, წერილობით პირობას ითხოვს დასავლელი ლიდერებისგან, რომ NATO არ გაფართოვდება აღმოსავლეთით, ანუ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაწევრიანება იქნება გამორიცხული. ამის შესახებ Reuters-ი სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, რუსული წყაროების თანახმად, რუსეთი ითხოვს სანქციების მოხსნასაც.

„პუტინი მზადაა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი რანგის რუსულმა წყარომ, რომელიც კრემლის გეგმებს იცნობს.

გარდა ამისა, როგორც Reuters-ი წერს, რუსეთს სურს, უკრაინა დარჩეს ნეიტრალური.

პირველი წყაროს ცნობით, თუ პუტინი მიხვდება, რომ საკუთარი პირობებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, ის სამხედრო გამარჯვებებით შეეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს აჩვენოს, რომ „ხვალ მშვიდობა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.

კრემლმა Reuters-ის რეპორტაჟზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კომენტარს არ აკეთებენ არც ზელენსკის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, პუტინმა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება კონფლიქტის „ძირითად მიზეზებს“ უნდა აგვარებდეს. თავის მხრივ, კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიენიჭოს უფლება ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. უკრაინა აცხადებს, რომ მას სჭირდება დასავლეთი, რათა მას მისცეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტია.

ამის პარალელურად, NATO აცხადებს, რომ არ ცვლის „ღია კარის“ პოლიტიკას მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მოსკოვი ითხოვს.

ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ალიანსის წევრები გახდებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები