მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიწოდების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

6245b30423eca
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.22 18:04
1070
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არამეგობრულ ქვეყნებთან გაზით ვაჭრობის წესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან ავიაციის სექტორთან გამართული შეხვედრის გახსნისას განაცხადა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

„დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს განსაზღვრავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის არამეგობრულმა ქვეყნებმა გაზზე ანგარიშსწორებისთვის რუსეთის ბანკებში ანგარიშები რუბლში უნდა გახსნან.

„არამეგობრული ქვეყნების კონტრაგენტებს გასაგებ და გამჭვირვალე სქემას ვთავაზობთ: იმისთვის, რომ რუსული ბუნებრივი აირი შეიძინონ, მათ რუსულ ბანკებში ანგარიშები რუბლში უნდა გახსნან. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ანგარიშსწორება გაზზე, რომლის მიწოდება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან განხორციელდება“, - განმარტა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა გაზის ექსპორტიდან მიღებულ სავალუტო შემოსავალისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„თუ არამეგობრულ ქვეყნებში მყიდველები გადახდის ახალ პირობებს არ შეასრულებენ გაზის მიწოდებაზე მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეთანხმებული მოცულობით და ფასებით გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები