პანდემიამ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის მწარმოებელ ქართულ კომპანია ,,გრინპაკს“ პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, სალომე ქარელმა ისაუბრა.
ჩინეთიდან ტრანსპორტირების 300%-ით გაძვირების შემდეგ, კომპანიამ აქცენტი თურქულ ბაზარზე გადაიტანა, თუმცა მდგომარეობას ვერც ამან უშველა.
„თუ მაგალითად ჩინეთიდან ტრანსპორტირების საფასური 4 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა დაახლოებით 12 ათასამდეა გაზრდილი. ნედლეულის ინდოეთიდან ან ყაზახეთიდან შემოტანის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა გვქონდა, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტეთ იმპორტი თურქეთიდან განგვეხორციელებინა. თურქეთიდან ტრანსპორტირება შედარებით იაფია, თუმცა ნედლეულია ძვირი, საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ნედლეულის ფასი სამჯერ გაიზარდა", - განაცხადა სალომე ქარელმა.
მისივე თქმით, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს ფასები, თუმცა 10%-ით გაზრდა მაინც მოუწიათ. საქართველოს რეალობაში ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს მათ. მიუხედავად სირთულეებისა, „გრინპაკს“ ამ ორ წელიწადში მცირედი წარმატებაც ჰქონდა - პროდუქციის ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში დაიწყეს.
ცნობისთვის, 2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე უქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.