მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის სადგურის პროექტი "იმერეთი 1" კვლავ დაფინანსების მექანიზმს ელოდება

631f111f7a9d6
მარიამ ვარადაშვილი
12.09.22 22:35
1317
ქართულ-ავსტრიული კომპანია "უსასრულო ენერგია", რომელსაც საჩხერეში ქარის ელექტროსადგურის პროექტს - "იმერეთი 1"-ის განხორციელება სურს კვლავ დაფინანსების მექანიზმს ელოდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე ბახტურიძემ BMG-ს უთხრა, ამ საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის უნდა იყოს. თუ მთავრობასთან ხელშეკრულებას გააფორმებენ მისი თქმით, პროექტი დაგეგმილზე ადრე, 1.5 წელში დასრულდება. 

“ველოდებით თვის ბოლოს გადაწყვეტილებას ან Contract For Difference იქნება ან PPA მექანიზმი. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია ფასი 6 ცენტამდე შეივსოს. ენერგიის ფასი ყველგან ძალიან გაზრდილია, ამიტომ 6 ცენტი სასაცილო ფასია და ამაზე ნაკლებად ფაქტობრივად პროექტს ვერ განვახორციელებთ. სადგურის დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატი იქნება და სეზონურობის გათვალისწინებით ქარის ენერგია ზამთარშიც იქნება. ფასზე შეთანხმების შემდეგ მთავრობის მხრიდან მიწების გადმოცემა უნდა მოხდეს. ასევე მშენებლობის ნებართვის მიღება დაფინანსების მექანიზმის ამოქმედებამდე ვერ მოხერხდება.

გამომუშავებული ენერგია ბაზარზე უნდა გავიდეს, ხოლო სხვაობა კერძო სექტორსა და ბაზრის ფასს შორის სახელმწიფომ უნდა ანაზღაუროს. თუ ბაზარი არ იმუშავებს შესაბამისად ეს მექანიზმი ვერ იმუშავებს. ბაზარში ცხადია ენერგეტიკულ ბირჟას ვგულისხმობ. თუმცა ბირჟის ამოქმედებამდე, სავარაუდოდ, ესკოს ექნება ვალდებული ეს ენერგია შეისყიდოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლომდე მაინც გვეცოდინება დაფინანსების თარიღი და ამას მთავრობა დააანონსებს”,- აცხადებს ბახტურიძე.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების [PPA] ფარგლებში კერძო კომპანიაზე მშენებლობის და ელექტროსადგურის ოპერირების ლიცენზია გაიცემა. ამის სანაცვლოდ, ესკო ვალდებულებას იღბს ელექტროენერგიის კონკრეტული, წინასწარ შეთანხმებული მოცულობა, წინასწარ შეთანხმებულ გარანტირებულ ფასად შეისყიდოს. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა 2017 წელს IMF-ის რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს მთავრობამ PPA-ზე მორატორიუმი გამოაცხადა.

რაც შეეხება Contract for difference-ს ეს არის გარანტირებული შესყიდვის ერთგვარი სქემა, როცა მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ენერგეტიკული ტარიფების თანადაფინანსება მოახდინოს. ეს იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება და ძალაში შევა დღით ადრე და ყოველდღიური ვაჭრობა.

მოდელი დაახლოებით შემდეგი სქემით იმუშავებს: დადგინდება კონკრეტული ფასი - პირობითად 6 ცენტი კილოვატ-საათ ელექტროენერგიაზე - როცა ბირჟაზე ფასი ამაზე ნაკლები იქნება, ამ სხვაობას მთავრობა აანაზღაურებს. ხოლო თუ ტარიფი 4 ცენტამდე დაეცა, სახელმწიფო 2-ცენტიან სხვაობას კომპანიას ჩაურიცხავს; 6-ცენტზე მაღალი ტარიფის შემთხვევაში კი პირიქით, კომპანია დააბრუნებს თანხას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები