აშშ-ში, ქარიშხალ "მილტონის" მიერ გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაზღვევის გლობალურ ინდუსტრიას, შესაძლოა, $100 მილიარდი დაუჯდეს, რაც 2025 წლისთვის გადაზღვევის ღირებულებისა და სადაზღვევო კომპანიების აქციების ფასების ზრდას გამოიწვევს - ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი მილტონი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული მოვლენა იქნება და დაზღვეულ ქონებაზე ზარალი $60-დან $100 მილიარდამდე გაიზრდება.
მედიის ინფორმაციით, თუ ზარალის მოცულობა $100 მილიარდს მიაღწევს, "მილტონის" შედეგები 2005 წლის ქარიშხალ "კატრინას" შედეგებს გაუთანაბრდება, თუმცა ანალიტიკოსები სადაზღვევო კომპანიის ხარჯებს "კატასტროფულად" არ აფასებენ. აღსანიშნავია, რომ "კატრინამ" სადაზღვევო ინდუსტრიისთვის რეკორდული ზარალი მოიტანა.
ინდუსტრიისთვის რიგით მეორე, ყველაზე დამაზარალებელი ასევე ფლორიდის შტატში მომხდარი ქარიშხალი "იანი" იყო, რომლით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიებს $60 მილიარდი დაუჯდათ. RBC ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ "მილტონის" შედეგები ყველაზე დაახლოებული "იანის" შედეგებთან იქნება.
კომპანია Jefferies-ის განცხადებით, ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიების დანახარჯი $200 მილიარდსაც გადააჭარბებს.
"თუ სტიქიური მოვლენა 100 წელიწადში ერთ შემთხვევად იქცევა, შედეგები სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლოა ტამპას რეგიონში $175 მილიარდი, ფორტ-მეირსის რეგიონში კი $70 მილიარდი დაუჯდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ში, ფლორიდის შტატში ამ დრომდე ებრძვიან მესამე კატეგორიის ქარიშხალი "მილტონით" გამოწვეულ წყალდიდობას, ძლიერ ქარსა და შტორმს.