ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი ძალიან მძიმეა - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ხვდება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში და დასძინა, რომ ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტია.
საქმე ის არის, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს. ტრამპის თქმით, ვენსი ამ ქვეყნებს ეწვევა, რათა "წინ წასწიოს ტრამპის საერთაშორისო მარშრუტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" - სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მან აგვისტოში ორ ქვეყანას შორის გააფორმა.
პრემიერი აცხადებს, რომ ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება.
„ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში“, - აღნიშნა პრემიერმა.
თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. ველოდებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



























