ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 620.74 მილიონი ლარით, 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.21%-ით ნაკლები).
დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 12.64% შეადგინა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 988.44 მილიონი ლარით, ანუ 3.75%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.58%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 367.70 მილიონი ლარით, ანუ 1.15%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.51%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა გასული თვის ბოლოსათვის 46.63% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.60 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.01 პროცენტული პუნქტით).
იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7.14% იყო. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.81%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.84%, ხოლო ევროს წილმა 18.87% შეადგინა.