მაისში ლარში განთავსებული დეპოზიტები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში კომერციულ ბანკებში ლარში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 26.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 484,7 მლნ ლარით ნაკლებია. შემცირებულია როგორც მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ეროვნული ვალუტაში თანხა, ასევე ლარში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები.
მიმდინარე ანგარიშებზე 1 ივლისისთვის 6.7 მლრდ ლარი იდო, კლება თვიურ ჭრილში 146 მილიონი იყო. ამასთან, ვადიანი ანაბრების მოცულობა კი, 12.8 მლრდ ლარია, აქ კლება მაისის თვეში 340.7 მლნ ლარს აღემატებოდა.
პარალელურად გაზრდილია დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში. თუ აპრილში ბანკებში უცხოურ ვალუტაში 25.2 მლრდ ლარის ეკვივალენტის ანაბრები იყო, მაისში ეს მაჩვენებლები 1.12 მილიარდით 26.3 მლრდ ლარის ეკვივალენტამდე იყო გაზრდილი.
სებ-ის ინფორმაციით, მთლიანობაში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის მაისის ბოლოსათვის 52.98 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 635.30 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე, თუმცა თუ გაცვლითი კურსის ეფექტს გამოვრიცხავთ კლებაა 0.93%-ით.
მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 92.34 მლნ ლარით, ანუ 0.40%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.45%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 542.96 მლნ ლარით, ანუ 1.85%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.53%-ით).
დეპოზიტების 50.21% ლარშია, შესაბამისად ლარიზაციის კოეფიციენტი 2024 წლის მაისის ბოლოსათვის 50.21 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.45 პროცენტული პუნქტით).